თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 2019 წლის 1-ელი იანვრისთვის უნდა დამტკიცდეს.ამის შესახებ კახა კალაძემ საქმიანობის ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. თბილისის მერის თქმით, გენგეგმა ქალაქის მთავრობამ უკვე მიიღო და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნა.
„ჩვენ განვახორციელეთ სამართლებრივი რეფორმები. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პარლამენტს, მის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, თითოეულ დეპუტატს და ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საკრებულოს. სამართლებრივი რეფორმების შედეგად, ჩვენ მივიღეთ ტაქსების რეფორმა, რომელიც მნიშვნელოვანია. დავასრულეთ გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობა, ესეც საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო. ქალაქისთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და დედაქალაქის მთავრობამ ეს მიიღო და გადაგზავნილია თბილისის საკრებულოში, რომელიც 1-ლი იანვრისთვის უნდა დამტკიცდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა ხაზი გაუსვა, რომ მერიაში მუშაობის დაწყებისთანავე, მათ თავდაპირველად, ინსტიტუციური რეფორმები განახორციელეს.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროექტების განხორციელებაზე, როდესაც თუნდაც, ბიუჯეტზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია მართვა. სწორი მართვის გარეშე შეუძლებელია ისაუბრო წარმატებაზე, შეუძლებელია, განახორციელო ის პროექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისათვის. როდესაც მერიაში მოვედით და დავიწყეთ მუშაობა პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო ინსტიტუციური რეფორმები, რომელსაც გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა ამ რეფორმების შედეგად შეიქმნა ურბანული განვითარების სამსახური, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისა და სწორად დაგეგმარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, განისაზღვრა გარემოს დაცვისა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სამსახურები, შეიქმნა ეკო-სერვის ჯგუფები - ე.წ. თბილისის მებაღე, შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია. ამ სამსახურის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ქალაქში წესრიგს იცავენ, ვინც აკვირდებიან მშენებლობებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.