2014 წლის ბოლოდან მეოთხე თაობის მობილური სისტემის დანერგვა დაიწყება

2014 წლის ბოლოდან საქართველოში მეოთხე თაობის მობილური სისტემისა და მომსახურების (LTA) დანერგვა დაიწყება.

ამის შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე გახდა ცნობილი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც  პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, ინფორმაცია მობილური კავშირგაბმულობის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ეკონომიკურ საბჭოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ვახტანგ აბაშიძემ მიაწოდა.

აუქციონს ქსელის განვითარებისთვის საჭირო სიხშირეებზე კომუნიკაციების ეროვნული კომისია შემოდგომიდან გამოაცხადებს, მობილური კავშირგაბმულობის კომპანიებს კი, მეოთხე თაობის მობილური სისტემისა და მომსახურების დანერგვა წლის ბოლოდან შეეძლებათ.

ეკონომიკურმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროექტებზეც იმსჯელა.