ვალების ჩამოწერის აქციაში „ვივუსიც“ ჩაერთვება

ვალების ჩამოწერის აქციაში „ვივუსიც“ ჩაერთვება, - ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპრესნიუსს“ ფონდ „ქართუში“ დაუდასტურეს.

„ეს კომპანიაც ჩართულია პროცესში და მიმდინარეობს მუშაობა მათთანაც. ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი მათი მხრიდანაც გამოითქვა.“- განაცხადა ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

მისივე ინფორმაციით, საიტი ტექნიკურად მზად არის, მაგრამ ამ ეტაპზე ხდება მოვალეთა სიების დაზუსტება საკრედიტო დაწესებულებებთან.

„ველოდებით სიების მოწოდებას და როგორც კი მივიღებთ, ინფორმაცია აისახება საიტზე“, - აღნიშნა ჩხეტიანმა.

თავდაპირველად ვალების განულების პროცესში „ვივუსის“ შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გააკეთა. როგორც მან „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ვალების განულების პროცესში ჩართვის სურვილი, კომპანია „ვივუსმაც“ გამოთქვა“.

ამასთან, კოვზანაძემ განაცხადა, რომ თავად ვალების განულების პროექტი აუცილებლად 15 დეკემბრიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ დავალიანებების ჩამოწერა დაახლოებით 600 ათას ადამიანს შეეხება. ვალების ჩამოწერა 15 დეკემბრიდან დაიწყება და სრულად ჩამოიწერება 31 დეკემბრის ჩათვლით.

ქრისტინე გამთენაძე