სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 13 ნოემბრის მდგომარეობით ანგარიშგება 491-მა სუბიექტმა წარადგინა.
მათივე ინფორმაციით, „კანონისმიერი დისკრეციის ფარგლებში სამსახურის მიერ გაფრთხილება მიეცა 147 სუბიექტს, რომელთაც განესაზღვრათ 1-თვიანი ვადა ანგარიშგების წარმოსადგენად. ამ დროისთვის სანქციის სახე, ფულადი ჯარიმა სამსახურის მიერ არ გამოყენებულა“, - აღნიშნულია ოფიციალურ წერილში.
ცნობისათვის, კომპანიებისთვის აუდიტის ვალდებულებას „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 2016 წლის ივნისში მიღებული კანონი ადგენს, რომლითაც კომპანიებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით შედგენა და გასაჯაროება მოუწევთ. კანონში განსაზღვრული და გამოყოფილია ბიზნესის ოთხი კატეგორია, რომელშიც კომპანიები შემოსავლის, აქტივებისა და დასაქმებულთა საშუალო რაოდენობის მიხედვით არიან გადანაწილებულნი.
ამ კატეგორიებიდან სავალდებულო აუდიტის განხორციელება 2018 წლის 1-ელ ოქტომბრამდე 1-ელ და მე-2 კატეგორიაში შემავალ კომპანიებს მოუწიათ. 1-ელ კატეგორიაში ხვდებიან კომპანიები, რომელთა კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი საანგარიშგებო პერიოდში 250-ს აღემატება. მე-2 კატეგორიაში მოსახვედრად კი შემდეგი კრიტერიუმებია განსაზღვრული: აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარიდან 50 მილიონ ლარამდე; შემოსავალი 20 მილიონი ლ8არიდან 100 მილიონ ლარამდე; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 50-დან 250 ადამიანამდე უნდა იყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიები შესაბამის კატეგორიებში ზემოთ ჩამოთვლილი 3-3 კრიტერიუმიდან ორის დაკმაყოფილების შემთხვევაში ხვდებიან.
სავალდებულო აუდიტს ასევე ექვემდებარება საზოგადოებრივი დაინტერესების პირები (სდპ) და ისინიც ვალდებულნი იყვნენ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე სამსახურისთვის აუდირებული ანგარიშგებები წარედგინა. სდპ-ს მიეკუთვნება - კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მზღვეველი, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საინვესტიციო ფონდი, საკრედიტო კავშირი და ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია.
რაც შეეხება მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებს, მათ ფინანსური ანგარიშგება 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ. მესამე კატეგორიაში ხვდებიან საწარმოები, რომელთა აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს; შემოსავალი 20 მილიონს; ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება. მეოთხე კატეგორიაში კი ხვდებიან კომპანიები, რომლების აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს; შემოსავალი 2 მილიონს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 10-ს არ აღემატება.
ელზა წიკლაური