"ენერგო-პრო ჯორჯიამ" 4 თვის განმავლობაში 200-მდე სოფელი გაამრიცხველიანა

სს "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, 2014 წლის მარტიდან დღემდე 30 694 აბონენტი გამრიცხველიანდა. კერძოდ, გასული 4 თვის განმავლობაში ევროსტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები დამონტაჟდა 200-მდე სოფელში, ინვესტიციის მოცულობამ კი შეადგინა 7 673 500 ლარი.

"რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება გრძელდება, რადგან ის ჩვენი კომპანიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტთაგანია. ჩვენი ტექნიკური სამსახური მაქსიმალურად ცდილობს სამუშაოები წარმართოს ეფექტურად, რაც გვეხმარება აბონენტების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში", - განაცხადა ს.ს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა.

გამრიცხველიანებასთან ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.

როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიაში" აღნიშნავენ, მართალია ამ ეტაპზე ქსელის რეაბილიტაცია საგრძნობლად გამოასწორებს ელექტრგომომარაგებას, მაგრამ ის მთლიანად ვერ გამორიცხავს უამინდობის ან სხვა მიზეზის გამო გამოწვეულ გათიშვებს. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპანია მომავალშიც განაგრძობს ფიდერებისა და მაღალი ძაბვის ქვესადგურების რეაბილიტაციას.

2014 წლის ბოლომდე გამრიცხველიანდება კიდევ დაახლოებით 38 000 აბონენტი. კომპანია განაგრძობს გამრიცხველიანების სამუშაოების წარმოებას და 2015 წლისთვის გამრიცხველიანებული იქნება მთელი საქართველო.