პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯი 3,8 მლნ ლარით მცირდება, მთავრობის კი 1 მლნ ლარით იზრდება.ამის შესახებ აღნიშნულია პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში.
უფრო კონკრეტულად, 2019 წლის ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის მესამე ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 6 მლნ ლარი იქნება, რაც მეორე ვარიანტთან შედარებით თითქმის 40%-ით ნაკლებია. წინა ვარიანტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯი 9,8 მლნ ლარით იყო განსაზღვრული.
რაც შეეხება მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯებს, ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, იზრდება. კერძოდ, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯი იქნება 16,8 მლნ ლარი, რაც აქამდე წარდგენილ პროექტთან შედარებით ერთი მილიონი ლარით მეტია. წინა ვარიანტში მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯი 15,8 მლნ ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2019 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავეთა რაოდენობა 60%-ით მცირდება, მომავალ წელს ახალარჩეულ პრეზიდენტს ნაცვლად 140 თანამშრომლისა, ეყოლება მხოლოდ 60. შესაბამისად, სახელფასო ფონდიც 4,692 მლნ ლარიდან 2,3 მლნ ლარამდე შემცირდება.
ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, მთავრობის ადმინისტრაციაში ისევ 227 ადამიანი იმუშავებს, სახელფასო ფონდიც უცვლელი, 7,430 მლნ ლარი იქნება.
ელზა წიკლაური