რუსეთის ბაზარზე 134 ტონა ქართული ხილი გავიდა

რუსეთის ბაზარზე საქართველოდან 134 ტონა ხილის ექსპორტი განხორციელდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის "როსსელხოზნადზორის" 4 კაციანი დელეგაციის ერთკვირიანი ვიზიტი დასრულდა.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის საქართველოდან 134 ტონა ხილის ექსპორტი განხორციელდა. კერძოდ, კახეთის რეგიონიდან 82 ტონა ატამი და ვაშლატამა, შიდა ქართლიდან - 35 ტონა ბალი და გურიიდან 17 ტონა ლურჯი მოცვია ექსპორტირებული. ეს პროცესი შემდეგშიც გაგრძელდება.

ქართველი ფიტოსანიტარები ადგილზე მოახდენენ მცენარეული წარმოშობის პროდუქციის სერტიფიცირებას და ის ტვირთი, რომელიც დააკმაყოფილებს რუსეთის ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს და თავისუფალი იქნება რუსეთისთვის საკარანტინო მავნე ორგანიზმებისგან, თავისუფლად შევა ბაზარზე.

"როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები საქართველოს 23 ივნისს ეწვივნენ და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ჩაატარეს საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიულ კონტროლი. აღნიშნული პროცედურა განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებებში პროდუქციის ჩატვირთვამდე.

7-წლიანი პაუზის შემდეგ გასული წლის 28 ივნისიდან, რუსეთში დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია (ჩაი, დაფნა, ჩირი და ა. შ.) შევიდა. მოგვიანებით, 2013 წლის 14 ოქტომბრიდან ქართული თხილის, ციტრუსის, ყურძნის, ვაშლის, მსხლისა და კომშის შეტანა გახდა შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოლაპარაკებების ხანგრძლივი პროცესი, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული სურსათის ეროვნული სააგენტო.

2014 წლის 26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი - ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები დაემატა.