პროექტები, რომლითაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ჭერის სამუშაოები იყო განხორციელებული, შემიძლია უკვე დადასტურებით გითხრათ, რომ არაფრად არ ვარგა და ყველა საპროექტო სამუშაო თავიდან არის ჩასატარებელი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება.
„მეტროსადგურების რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება. ვარკეთილის მეტროსადგური ჩამოინგრა, სერიოზული პრობლემა იყო და დაზარალებულებიც გვყავდა, თუმცა ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილებები ოპერატიულად იქნა მიღებული და ყველას მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა გამოვუცხადეთ. ამის პარალელურად, ვარკეთილის მეტროს საპროექტო დოკუმენტაცია გადაეგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და გაკეთებული ექსპერტიზიდან გამომდინარე შეიქმნა დამატებითი კვლევებისა და საპროექტო სამუშაოების ჩატარების საჭიროება.
საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და მშენებლობის დროს უპირველესი და უმთავრესი, რაც ჩემთვისა და თითოეული ჩვენთაგანისთვის არის, უსაფრთხოებაა. უსაფრთხოება უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, ის პროექტები, რომლითაც იყო განხორციელებული ვარკეთილის მეტროსადგურის ჭერის სამუშაოები, შემიძლია, უკვე დადასტურებით გითხრათ, რომ არაფრად არ ვარგა და ყველა საპროექტო სამუშაო თავიდან არის ჩასატარებელი. ვფიქრობ, რომ წლის ბოლოს გვექნება სრული დოკუმენტაცია და მომავალი წლიდან დავიწყებთ მის განხორციელებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, იგეგმება გურამიშვილის მეტროსადგურის რეაბილიტაცია, ხოლო სამგორის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს დასრულდება.
„2019 წლის იანვრის ბოლომდე დასრულდება მეტროსადგურ ავლაბრის რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ჩვენ 8 მეტროსადგურზე პროექტების შეძენას ვაპირებთ და მომავალი წლიდან მათ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ეტაპობრივად დავიწყებთ. მომდევნო წლების განმავლობაში, მთლიანად, ყველა მეტროსადგურის პროექტი იქნება განხორციელებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მეტროს ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა.