საქართველოს მოქალაქეებზე შესაძლოა, ყოველთვიურად 1 000 ერთეული სპეციალური საინვესტიციო ფული „ინვესტი“ გაიცეს.
აღნიშნული ინიციატივა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
საუბარია, 767 პირის მიერ წარდგენილ პეტიციაზე „საქართველოს ყოველი მოქალაქე ქვეყნის რეალურ მესაკუთრედ ვაქციოთ“.
„იმისათვის, რომ გამოსწორდეს თითოეული მოქალაქის მატერიალური მდგომარეობა, საქართველოს ყოველ მოქალაქეზე ყოველთვიურად გაიცეს 1 000 ერთეული სპეციალური საინვესტიციო ფული „ინვესტი“. ნებისმიერი ქონება, რომელიც სახელმწიფოს მიერ გასაყიდად იქნება გამოტანილი, გაიყიდოს მხოლოდ ინვესტებზე, ღია, საყოველთაო ელექტრონულ აუქციონებზე, ლოტების ან აქციების სახით,“-აღნიშნულია პეტიციაში.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, წარმოდგენილი თემა საინტერესოა და კომიტეტის გადაწყვეტილებით ის ეკონომიკის სამინისტროს გადაეგზავნება. კომიტეტი აღნიშნულ თემაზე მუშაობას სწორედ სამინისტროდან შემოსული მოსაზრებების გათვალისწინებით განაგრძობს.