გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, მომავალ წელს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის 45 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
ამის შესახებ გიორგი ხანიშვილმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის მთავრობა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მონაწილეობას თავად არ იღებს და ფერმერებს ძირითადად რეკომენდაციებს აძლევს, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა სოფლის მეურნეობის განვითარების ის ეტაპი, რომელზეც ქვეყანა იმყოფება და დამატებითი ვალდებულება აიღო.
„ბევრად უკეთესი შედეგია მიღწეული და შესაბამისად, მისი მავნებლობა თხილთან დაკავშირებით საკმაოდ მცირეა, მაგრამ სამაგიეროდ, მოუვლელობამ წინა პლანზე სხვა პრობლემები წამოწია, რომელმაც გაანადგურა როგორც თხილის მოსავალი, ისე მისი ხარისხი. საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის გადაწყვეტილებით, შენარჩუნებული იქნება ყველა ის ღონისძიება, რომელსაც ჩვენ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ვატარებდით და ამავე დროს ინერგება სხვადასხვა ახალი წინადადება, რომელიც 2019 წლისთვის გახდება ცნობილი. ვფიქრობთ, რომ მთავრობა მასზე დაკისრებულ ფუნქციას 2019 წელსაც წარმატებით შეასრულებს. ასევე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ფერმერების მხრიდან უფრო სრულყოფილი მხარდაჭერა იქნება, ვიდრე მიმდინარე წელს იყო და შესაბამისად, მათი მოსავალი უფრო უკეთესი და ხარისხიანი იქნება“, - აღნიშნა მან.