ამერიკის შემდეგ, ქართული ყველი ჩინეთშიც გაიყიდება - „ცეზარი“ ახალ საექსპორტო ბაზრებზე შედის

რძის პროდუქტების კომპანიამ „ცეზარი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკსა და ლოს ანჯელესში ყველის ექსპორტის მოცულობები გაზარდა.

ამას გარდა, 17 დეკემბერს ყველის საცდელ პარტიას, 180 კილოგრამის ოდენობით, ჩინეთში აგზავნის. ერთ-ერთ აზიურ ქვეყანაში ექსპორტის დაწყება კი უახლოეს ხანში გადაწყდება. მოლაპარაკების დეტალებს კომპანია ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს. კონტრაქტის პირობებზე დაახლოებით ერთი წელი იმუშავეს და ახლო მომავალში ექსპორტს რვატონიანი შეკვეთით დაიწყებენ.

„რამდენიმე სიახლე გვაქვს, ერთი რომ ნიუ-იორკში და ლოს ანჯელესში გავზარდეთ ყველის ექსპორტი. ამერიკაში შეტანა დავიწყეთ 2015 წლიდან, ყოველ წელს ვზრდით რაოდენობებს. ადრე სხვადასხვა დისტრიბუტორებთან ვთანამშრომლობდით, მაგრამ ახლა ექსკლუზიური შეთანხმება გვაქვს მხოლოდ ერთთან, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების შეკვეთას მოგვცემს და ყოველწლიურად შეკვეთებს 20%-ით გაგვიზრდის.

ახალი ბაზრების ათვისებაც დავიწყეთ. ამ წლის 17 დეკემბერს ჩინეთში საცდელ პარტიად გავუშვებთ 180 კილოგრამ ყველს და იმედი გვაქვს, რომ მალე ამ ბაზარზე დიდი რაოდენობებით შევალთ. ახალი ექსპორტის შესაძლებლობა გვაქვს ასევე ერთ-ერთ აზიურ ქვეყანაში, რომელსაც ჯერ ვერ დავასახელებთ. მოგვცეს უპრეცედენტოდ დიდი შეკვეთა - 8 ტონა პირველივე ჯერზე. ამ კონტრაქტზე ერთი წელია რაც ვმუშაობთ და ამ ბაზარზე დამკვიდრებას შევეცდებით“, - აცხადებს რძის პროდუქტების კომპანია „ცეზარი“-ს დამფუძნებელი ცეზარ კახაძე.

რძის პროდუქტების კომპანია „ცეზარი“ რძის შემკრებ პუნქტებს წალკასა და ხულოში ფლობს. ზაფხულის სეზონზე დღეში 15 ტონა რძის გადამუშავება შეუძლიათ, მაგრამ ზამთარში, როცა წველადობა იკლებს, ყოველდღიურად საშუალოდ 4 ტონა რძეს გადაამუშავებენ. ძირითადად სულგუნს, დაწნულ სულგუნსა და ქართულ (ქარხნული) ყველს აკეთებენ. თბილისის მასშტაბით მხოლოდ გუდვილის ქსელში შედიან. ყველის რეალიზაციას ძირითადად ბათუმში სასტუმროებსა და მარკეტებში აკეთებენ.

„ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზეც საკმაოდ შთამბეჭდავად ვართ წარმოდგენილი, თუმცა მაინც გვაქვს ადგილზე პრობლემები, რაც კონცენტრაციას გვაკარგვინებს და საქმეს გვირთულებს. მაგალითად, წვრილი დაურეგისტრირებელი მეწარმეები, რომლებსაც წარმოების დროს ხარჯი პრაქტიკულად არ აქვთ, რძის ჩაბარების საკითხებში კონკურენციას გვიწევენ. ასევე უკვე დამზადებული ყველის რეალიზების დროსაც, უფრო იაფია მათი საეჭვო პირობებში შექმნილი პროდუქტი. კიდევ კარგი, რომ იმ მსხვილ მარკეტებს და სასტუმროებს, სადაც ჩვენ შევდივართ, ამ საეჭვო ყველის შესყიდვის უფლება არ აქვთ“, - ამბობს კახაძე.

იმის მიუხედავად, რომ „ცეზარი“ ქვეყნის შიგნით და გარეთ ცნობადობას თანდათან ზრდის, კომპანიაში სურსათის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისთვის მაინც აქტიურად ემზადებიან, რადგან ახალი კავშირების ჩამოყალიბების შემდეგ, ბევრ ახალ კონტრაქტს ელოდებიან.

წყარო: georgiandairy