2018 წელს მთავრობის სარეზერვო ფონდი იზრდება, ასევე იზრდება თითქმის ყველა სხვა მხარჯავი დაწესებულების ბიუჯეტი გარდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსი. როგორც „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, ამის მიზეზი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვალისწინებული თანხების აუთვისებლობა გახდა.
კანონპროექტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ხარჯები 269 მლნ ლარით მცირდება და 1 546 მლნ ლარს შეადგენს.
„2018 წელს დაგეგმილი იყო მასშტაბური საგზაო პროექტების დაწყება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთი და ჩრდილოეთი-სამხრეთი მაგისტრალის ურთულესი მონაკვეთი (ქვეშეთი-კობი). აღნიშნული პროექტები გამოირჩევა კომპლექსურობით და წინა მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივი და რთული ეტაპებით, შესაბამისად, პროექტები ნაწილობრივ გადაინაცვლებს შემდეგ წლებში. გასათავლისწინებელია, რომ რიკოთის მონაკვეთის 4 კომპონენტიდან მიმდინარე წელს პირველი ტრანშები გადაირიცხება ორ მონაკვეთზე. ზოგიერთი პროექტის შესრულების ვადების გადაწევასთან ერთად ბიუჯეტში ხდება ამ პროექტებისთვის დონორების მიერ გამოყოფილი საკრედიტო რესურსების კორექტირებაც“, - ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის მიხედვით, საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად მიღებული გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები მცირდება 321 მლნ ლარით და განისაზღვრება 915.8 მლნ ლარით, დაგეგმილი პროექტების ნაწილობრივ, მომდევნო წლებზე გადანაწილების გათვალისწინებით.
ამასთან, პროექტის მიხედვით 10 მლნ ლარით იზრდება საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები. ზრდა ძირითადად გამოწვეულია არჩევნების II ტურის დაფინანსების, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში 10%-ზე მეტი ხმების მიმღები სუბიექტებისთვის საარცევნო კოდექსით განსაზრვრული თანხების ანაზღაურებით.
გარდა ამისა, როგორც პროექტშია აღნიშნული დევნილთა განსახლების ღონისძიებებისათვის დამატებით 45 მლნ ლარით გამოიყოფა დევნილთა სახლების შეძენისათვის, რიტაც დამატებით 500-ე მეტი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი.
ასევე, პროექტის მიხედვით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ასიგნებები იზრდება 40.0 მლნ ლარის ოდენობით და განისაზღვრება 300.0 მლნ ლარით, აღნიშნული თანხა მიიმართება მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების დაფინანსებისთვის და აღნიშნულ თანხაში არ არის გათვალისწინებული ახალი პროექტების დაფინანსება.
170 მლნ ლარით იზრდება მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა. პროექტის მიხედვით, აღნიშნული რესურსის გამოყოფა ხდება თბილისის მუნიციპალიტეტისათვის, მათ შორის ავტობუსების შეძენის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 120,0 მლნ ლარი, ხოლო 50,0 მლნ ლარი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტების დაფინანსებისთვის;
რაც შეეხება მიმდინარე წელს მისაღებ გრანტებს, ეს მაჩვენებელიც მცირდება - 74.3 მლნ ლარით.
„მათ შორის საბიუჯეტო დახმარებების სახით მისაღები გრანტები მცირდება 50,0 მლნ ლარით, ვინაიდან შესაძლებელია ევროკავშირიდან მისაღები გრანტები მიღება ნაცვლად 2018 წლის დეკემბრისა ჩამოირიცხოს 2019 წლის იანვარში. საინვესტიციო პროექტებზე გამოყოფილი გრანტების მოცულობა მცირდება 24,3 მლნ ლარის ოდენობით“, - აღნიშნულია ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტში.
მთავრობამ პარლამენტს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი უკვე გადაუგზავნა. წლის ბოლოს ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიზეზად კი მთავრობა „დაგეგმილზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას და საგადასახადო შემოსავლებს ასახელებს.