სემეკმა ტარიფის დათვლის ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა

როგორ დაითვლება ელექტროენერგიის ტარიფები ახლებული მეთოდოლოგიით და რა სარგებელს ნახავს საზოგადოება?

ამ თემებზე ”პალიტრა ტვ”-ს გადაცემა ” ”საქმეში” სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა გივი სანიკიძემ ისაუბრა.

როგორც სანიკიძე აცხადებს, სემეკში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ გაანგარიშების პროცესში საზოგადოება მაქსიმალურად ჩართული იყოს. სწორედ ამ მიზნით, პროექტები ატვირთულია კომისიის ვებგვერდზე. გარდა ამისა, მისი თქმით, კომისია ხშირად მართავს შეხვედრებს კომპანიებთან, ექსპერტებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. ”ჩვენ მზად ვართ ყველა რეკომენდაცია განვიხილოთ და გავითვალისწინოთ”,- ამბობს სანიკიძე.

რაც შეეხება განსხვავებას მოქმედ სატარიფო მეთოდოლოგიასთან, გივი სანიკიძის თქმით, მოქმედი ეფუძნება დანახარჯების რეგულირების პრინციპებს, თუმცა მასში არ არის კონკრეტულად გაწერილი ტარიფის რეგულირების მექანიზმები.

სანიკიძის განცხადებით, აღნიშნული მეთოდოლოგიის განახლების მიზანი იყო, რომ ყველა რეგულაცია მაქსიმალურად ნათლად გაიწეროს. ”მთავარი სიახლე გვაქვს ის, რომ ელექტროენერგიის განაწილებისა და გატარების ტარიფების გაანგარიშებისას, შემოგვაქვს წამახალისებელი მექანიზმები, რაც აქამდე არ მოქმედებდა”, -ამბობს სანიკიძე.

მისივე განმარტებით, წამახალისებელი მექანიზმი გულისხმობს იმას, რომ კომპანიას ეძლევა სტიმული შეამციროს თავისი ხარჯები.

ცნობისთვის, სემეკმა უკვე დაასრულა მუშაობა ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების გაანგარიშების, ასევე, ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიებზე. მათი ამოქმედება უკვე მიმდინარე წლიდან იგეგმება.

გადაცემა იხილეთ ლინკზე: ”საქმე”