Volkswagen- ი Ford-თან ალიანსს ქმნის

გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ი და ამერიკულ ავტოკორპორაცია Ford Motor Company-ი ალიანსს ქმნიან.ამის შესახებ Volkswagen-ის ხელმძღვანელმა ჰერბერტ დისმა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც, როგორც Reuters-ი წერს, თეთრ სახლში შედგა.

„ჩვენ საკმაოდ წინ ვართ წასულები კომპანია Ford-თან გლობალური საავტომობილო ალიანსის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გაამყარებს ამერიკულ ავტოწარმოებას“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ალიანსი Ford-ს მისცემს საშუალებას, გაიმყაროს პოზიციები ევროპის ბაზარზე.

დისის თქმით, Volkswagen-ს შეუძლია ამ შეთანხმების შედეგად გაზარდოს საკუთარი წარმოება შტატებში Ford-ის ქარხნების გამოყენებით.

„სავარაუდოდ, გამოვიყენებთ Ford-ის სიმძლავრეებს, რათა აქ ადგილზე ვაწარმოოთ ჩვენი ავტომობილები“, - დასძინა მან.

ტოპ მენეჯერმა ასევე განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის კომპანია განიხილავს მისი მეორე ქარხნის მშენებლობის შესაძლებლობას შტატებში.

როგორც Reuters აღნიშნავს, აქამდე არსებული ინფორმაციით კომპანიები აპირებდნენ თანამშრომლობას რამდენიმე მიმართულებით.

თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს ტრამპი შეხვდა სამ ავტომწარმოებელს გერმანიიდან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს Volkswagen-ის, Daimler-ისა და BMW-ს ტოპ-მენეჯერებმა. ამერიკელმა ლიდერმა მათ გაუზიარა საკუთარი ხედვა, რომლის თანახმად ავტოკონცერნები საკუთარ ავტომობილებს აწარმოებენ შტატებში და შექმნიან უფრო მეგობრულ საქმიან ატმოსფეროს.

კოკა კვირკველია