2019 წელს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის რამდენიმე ახალი პროექტია გათვალისწინებული

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ხანიშვილის განცხადებით, 2019 წელს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის რამდენიმე ახალი პროექტია გათვალისწინებული.ამის შესახებ გიორგი ხანიშვილმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი პროექტია სამაცივრე მეურნეობების განვითარება, რომელიც მომავალში ამოქმედდება.

„ახალი პროექტით, მოსავლის ასაღები ტექნიკის თანადაფინანსებაში სახელმწიფოს შესვლაც იქნება, რომელიც 50%-იანი თანაფარდობით არის გათვალისწინებული.

ასევე, ახალი პროექტია დასავლეთ საქართველოში სასათბურე მეურნეობის მშენებლობა, რომლის პროექტირებისთვის დაახლოებით 2 მილიონი ლარია გამოყოფილი და დაახლოებით 100 მილიონ დოლარიანი პროექტი იქნება. ვფიქრობთ, რომ კენკროვანი კულტურების ათვისება ახალ მასშტაბებს შეიძენს, რომელიც დასავლეთ საქართველოს რეგიონებში იყო და მისი არეალი გაფართოვდება“, - აღნიშნა მან.

გიორგი ხანიშვილის თქმით, პროგრამები დაინერგება მეცხოველეობის განვითარების მიმართულებითაც.

„საკმაოდ შთამბეჭდავი პროგრამა დაიწყება „იფადის“ კრედიტისა და გრანტის მეშვეობით. ეს არის 120 მილიონ ლარიანი პროექტი, რომელსაც საფუძველი 2019 წელს ჩაეყრება. ვფიქრობთ, რომ 2019 წელს საქართველოს მთავრობა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მეშვეობით შეინარჩუნებს ყველა იმ პროექტს, რაც გვქონდა და უფრო მეტი თანხა დაიხარჯება, ვიდრე გასულ წლებში იხარჯებოდა“, -აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.