IDFI : საგარეო, თავდაცვის და ეკონომიკის სამინისტროებმა მივლინებებში ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს

2013 წელს სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამდებობის პირების (შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა) სამივლინებო ხარჯებმა 3 121 919 ლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს.

IDFI-ის ინფორმაციით, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე 2013 წელს სამინისტროებს შორის ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯი გაწია საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მინისტრის და მისი მოადგილეების ხელმძღვანელობით ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ვიზიტებზე 2013 წელს სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 785 094 ლარი. მათ შორის მინისტრის მაია ფანჯიკიძის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ვიზიტებზე გაწეული ხარჯი შეადგენს - 469 577 ლარს. (დღიური ნორმა - 98 726 ლარი, სასტუმროს ხარჯი - 129 451 ლარი, მგზავრობის ხარჯი - 241 340 ლარი).

დანარჩენ სამინისტროებს შორის, 2013 წელს ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯი გაწეულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. სამინისტროს სამოქალაქო ოფისის თანამდებობის პირების 2013 წლის სამივლინებო ხარჯები შეადგენს 382 083 ლარს. აღნიშნული თანხიდან სასტუმროს ხარჯი წარმოადგენს 98 896 ლარს, მგზავრობის ხარჯი - 216 614 ლარს, ხოლო დანარჩენი 66 573 ლარი - სადღეღამისო ნორმას. თავდაცვის სამინისტროს შემდგომ 2013 წლის სამივლინებო ხარჯების სიდიდით გამორჩეულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 343 764.

IDFI-ის ინფორმაციით, 2013 წელს მინისტრების მიერ ქვეყნის გარეთ განხორციელებული მივლინებებისას გაწეული სასტუმროს ხარჯებით გამორჩეულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. მისი მივლინებაში გატარებული 56 კალენდარული დღის სასტუმროს ხარჯმა შეადგინა 23 674, მაშინ როდესაც თავდაცვის მინისტრის 97 კალენდარულ დღეში სასტუმროს ხარჯმა შეადგინა - 18 350 ლარი, ხოლო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის - 72 კალენდარულ დღეში - 12 712 ლარი.

2013 წელს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 65 539 ლარი, საიდანაც სასტუმროს ხარჯი შეადგენს 18 350 ლარს, მგზავრობის ხარჯი 32 279 ლარს, ხოლო სადღეღამისო ნორმა - 14 910 ლარს. თავდაცვის მინისტრის შემდგომ მინისტრებს შორის, რომლების სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ხარჯების სიდიდით გამორჩეულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მირიანე ოდიშარია - 58 560 ლარი. აღნიშნული თანხიდან, 23 674 ლარი წარმოადგენს სასტუმროს ხარჯს.

2013 წელს ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე ყველაზე მცირე თანხა - 9008 ლარი დახარჯულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, ხათუნა გოგალაძის მივლინებებზე.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ შესაბამისი ქვეყნის გარეთ განხორციელებულ ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ დოკუმენტაცია მათ ყველა სამინისტროდან გამოითხოვეს. აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების შემთხვევაში კი წარმოდგენილია მხოლოდ 2013 წელს გაწეული სამივლინებო ხარჯების ჯამური ოდენობები. მათ კონკრეტული თანამდებობის პირის მიერ გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავეს.

სამივლინებო ხარჯებთან ერთად IDFI- იმ სამინისტროებიდან 2013 წელს თანამდებობის პირებზე ე.წ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციაც გამოითხოვა. მიწოდებული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე 2013 წელს დაიხარჯა 21 476 ლარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამდებობის პირებზე - 18 994 ლარი. რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, 2013 წელს მას როუმინგულ მომსახურებაზე ხარჯი არ გაუწევია. IDFI აღნიშნავს, რომ როუმინგულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე სამინისტროდან ვერ მიიღეს.