საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვიტილებით, 2019 წელს საწვავზე გადასახადები აღარ გაიზრდება

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო 2019 წელს საწვავზე გადასახადების ზრდა საერთოდ გააუქმოს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა გააჟღერა, საუბარი იყო საწვავზე გადასახადების ზრდის 6 თვით შეჩერებაზე.

„პრეზიდენტი მიხვდა, რომ საწვავის გადასახადების ზრდაზე მორატორიუმის დაწესება ხალხმა, როგორც ნახევარზომა აღიქვა და მიიჩნია, რომ ამ საკითხში საჭიროა სრული მოცულობით ზომების მიღება“, - განაცხადეს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასების ზრდამ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. გასულ შაბათს საფრანგეთს პროტესტის მესამე ტალღამ გადაუარა, რომლის მონაწილეებმა საწვავის მოსალოდნელი გაძვირება გააპროტესტეს. ყველაზე მასშტაბური ხასიათი პროტესტმა საფრანგეთის დედაქალაქში მიიღო, სადაც აქციის მონაწილეებმა ავტომანქანები დაწვეს, მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ტრიუმფალური თაღიც კი სერიოზულად დააზიანეს. დაკავებულია ასობით ადამიანი, ასზე მეტი კი დაშავდა. ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის შემოღებასაც გეგმავდა.