თბილისის მერიამ დედაქალაქში მოქმედი სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი მომსახურების შესყიდვაზე 2 ტენდერი გამოაცხადა.
ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 10 დეკემბერს იწყება და 12 დეკემბერს სრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ბაღების კვებით უზრუნველყოფაზე თბილისის მთავრობა 10 544 926 ლარის დახარჯვას გეგმავს, მარცხენა სანაპიროზე მდებარე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე კი 27 975 433 ლარის.
დოკუმენტაციის მიხედვით, „მიმწოდებელმა“ (მარცხენა სანაპიროს ბაღების შემთხვევაში) უნდა უზრუნველყოს 2019 წლის 14 იანვრიდან 2019 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით (190 დღე) 44 288 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის და 2019 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით (23 დღე) 9 551 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის (დღეში სამჯერადი ძირითადი კვებითი და ერთი წახემსების გათვალისწინებით) მომსახურების გაწევა (აღნიშნულ პერიოდებში არ შედის დასვენების და უქმე დღეები), ყოველდღიურად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.
მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საბავშვო ბაღების შემთხვევაში კი „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს 2019 წლის 14 იანვრიდან 2019 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით (190 დღე) 16 712 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის და 2019 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით (23 დღე) 3 449 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის (დღეში სამჯერადი ძირითადი კვებითი და ერთი წახემსების გათვალისწინებით) მომსახურების გაწევა (აღნიშნულ პერიოდებში არ შედის დასვენების და უქმე დღეები), ყოველდღიურად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად.
„საკვები პროდუქტის ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში არსებულ სტანდარტებს; ხორცის პროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათამი,) უნდა იყოს არაგაყინული, ყოველ შემოტანილ პროდუქციას უნდა ახლდეს ვეტერინალური მოწმობები (ფორმა#2). პროდუქციის უვნებლობა, ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.