კონკურენციის შესახებ კანონი ყველა სექტორზე, მათ შორის საფინანსო და ენერგეტიკის სფეროზე გავრცელდება.
სააგენტოს უფლებამოსილების ზრდას „კონკურენციის შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. ამასთან, სააგენტოს ხელმძღვანელის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, კონკურენციის სააგენტოს მარეგულირებელი კომისიების მსგავსად, საბჭო უხელმძღვანელებს და გაიზრდება უწყების ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე.
„არის ძალიან დიდი აზრთა სხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გააკეთოს კონკურენციის სააგენტომ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ახალ კანონს მიიღებს, გაიზრდება სააგენტოს უფლებამოსილება. დღეს არის რამდენიმე სფერო, რომელზეც კონკურენციის შესახებ კანონი არ ვრცელდება. ესაა ენერგეტიკის სფერო, რომელიც სემეკის უფლებამოსილებაა. კომუნიკაციები, სადაც მარეგულირებლის ფუნქციას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ასრულებს. ასევე საბანკო სექტორი, რომელსაც ეროვნული ბანკი აკონტროლებს. ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილ სფეროზე გავრცელდება კონკურენციის კანონმდებლობა. ამასთან, აღსრულების ფუნქცია ისევ უკვე არსებულ მარეგულირებლების მოვალეობა იქნება. კონკურენციის კანონმდებლობა კი ყველა სფეროსთვის ერთნაირი უნდა იყოს“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მისივე თქმით, სააგენტოს საქმიანობის ყველაზე დიდი პრობლემა საკანონმდებლო ხარვეზს უკავშირდება. საქმე ის არის, რომ დღეს კერძო კომპანიები და ბიზნესი ვალდებული არ არის კონკურენციის სააგენტოს მიაწოდოს მისთვის საინტერესო ნებისმიერი ინფორმაცია, რაც ხშირად საქმის სიღრმისეულ შესწავლას უშლის ხელს. ამიტომაც, ხადურის თქმით, სავალდებულო გახდება კომპანიების მხრიდან სააგენტოსთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაც.
„სამწუხაროდ, იმის გამო, რომ დღეისათვის ინფორმაციის მოწოდება სავალდებულო არაა, გვაქვს პატარა პრობლემები, მაგრამ იმედია, რომ ახალი კანონით ამ პრობლემებს აღმოვფხვრით. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიებისაგან პირდაპირ ვიღებთ ასეთი შინაარსის წერილებს: „აღნიშნულ ინფორმაციას არ მოგაწვდით, რადგან ამის უფლება გვაქვს“. კონკურენციის შესახებ ახალი კანონით კი კომპანია ვალდებული იქნება, დეტალურად მოგვაწოდოს ჩვენ მიერ გამოთხოვილი ყველანაირი ინფორმაცია“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ქრისტინე გამთენაძე