სამომხმარებლო ბაზარი კონკურენციის ზრდასთან ერთად იხვეწება და ვითარდება.
იზრდება სახელმწიფო მოთხოვნები და სტანდარტებიც მწარმოებლებისა და რეალიზატორების მიმართ. პროდუქციის უსაფრთხოების განმსაზღვრელი ერთ-ერთი საკითხი არის ფორმა, რომლითაც მისი რეალიზაცია ხდება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, არის თუ არა ის შეფუთული, დაცული გარე ზემოქმედებისგან და ეტიკეტირებული - მომხმარებელს აქვს თუ არა ზუსტი ინფორმაცია პროდუქციის შემადგენლობის შესახებ.
საქართველოში რეალური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად განსხვავდება ამ სტანდარტისგან. ბევრი სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტი ასაწონი სახით იყიდება. რეალურად კი დროა, რომ ყველა მწარმოებელმა სამომხმარებლო ბაზარს შეფუთული სახით შესთავაზონ, რადგან შეფუთვა - ეს არის თანამედროვე, ცივილური სტანდარტი, სადაც პროდუქტი მაქსიმალურად დაცულია.
ბოლო დროს ბევრმა დიდმა და მცირე წარმოებამ დაიწყო პროდუქციის შეფუთვა. ერთ-ერთია 20 წლიანი გამოცდილების მქონე ხორცპროდუქტების კომპანია „ნიკორა“, რომელიც მომხმარებელს თითქმის ყველა დასახელების პროდუქტს სთავაზობს დაცულ შეფუთვაში. როგორც „ნიკორას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა კოშაძე განმარტავს, ეს არის ევროპული სტანდარტი და მოხარულები არიან, რომ „ნიკორა“ ამ მხრივაც, დროს და მოთხოვნებს ფეხდაფეხ მიჰყვება.
„სამომავლოდ, სრული ასორტიმენტის ამ ფორმატზე გადასვლა იგეგმება. რეალურად შეფუთულ პროდუქტს ბევრი უპირატესობა აქვს. უმნიშვნელოვანესია, რომ ფასი უცვლელია და ის ასაწონი პროდუქტის იდენტური დარჩა. დაგიზოგავთ დროს, არ სჭირდება აწონისთვის რიგში დგომა. პროდუქტი საწარმოდან დახლამდე და დახლიდან სახლებში ისე გადის გზას, რომ მასზე გარემო ზემოქმედება მაქსიმალურად შემცირებულია. უფრო მარტივია ვადის კონტროლიც, რადგან თარიღები შეფუთვაზეა მითითებული. შეფუთული პროდუქტი მაქსიმალურად ინარჩუნებს გემოვნურ თვისებებს. მაცივარშიც სხვა საკვები პროდუქტების მასზე ზემოქმედება მაქსიმალურად მცირდება. ფაქტიურად მომხმარებელი იღებს მეტ კომფორტს უცვლელ ფასად. პროდუქტის გამოშვებამდე გამოვიკვლიეთ ბაზარი. დავდგინეთ, რა რაოდენობის მზა ხორცპროდუქტებს ყიდულობს მომხმარებელი ყველაზე ხშირად. სწორედ ამის მიხედვით შეირჩა გრამაჟები. ამჟამად, გაყიდვაშია ერთი და იმავე პროდუქტის რამდენიმე გრამაჟი,“- განმარტავს ანა კოშაძე.
შეფუთულ პროდუქტს დიდ კომპანიებთან ერთად შედარებით მცირე მწარმოებლებიც სთავაზობენ მომხმარებლებს. ერთ-ერთი ასეთია „სკიჯი“, რომლის მცირე საოჯახო ჩირის საწარმოც გურიაში მდებარეობს და სწორედ იქ ხდება ნატურალური პროდუქციის წარმოება, სტანდარტების დაცვით შეფუთვა და შემდეგ რეალიზაცია.
„სკიჯი“ დამფუძნებელის დარეჯან ბერძენიშვილის განმარტებით, ამჟამად შეფუთული პროდუქტი უფრო კონკურენტულია, ვიდრე შესაფუთი. საწყის ეტაპზე, როცა ჩირის წარმოება დაიწყო შესაფუთსაც ყიდიდა და შეფუთულსაც, თუმცა როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, შეფუთულზე მეტი მოთხოვნა იყო, ვიდრე შესაფუთზე.
„სახელმწიფოში არის სტანდარტი, რომ გასაყიდი პროდუქტი უნდა იყოს ეტიკეტირებული და შეფუთული. შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს ინფორმაცია ვადის, შემადგენლობის, გამოშვების თარიღის შესახებ. ჩვენ ვიცავთ ამ წესს. შეფუთული პროდუქცია დაცულია ყოველგვარი გარემო დაბინძურებისა და ხელით შეხებისგან, არ იღებს მტვერს, დაცულია გაფუჭებისგან. ქართული ნუგბარის ბაზარზე საკმაოდ დიდი ნაწილი უკავია შეუფუთავ პროდუქციას. ხშირად მცირე გლეხური მეურნეობები ვერ ახერხებენ პროდუქციის შეფუთვასა და ეტიკეტირებას. თუმცა ბაზარზე იმდენად მომრავალდა შეფუთული პროდუქტი და ის იმდენად დიდ კონკურენციას უწევს შეუფუთავს, რომ მალე გლეხური მეურნეობებიც დარწმუნდებიან შეფუთვის აუცილებლობაში. მათ შეიძლება გამოიყენონ იაფი შესაფუთი ქაღალდი ან რამე კრეატიული და დაბალბიუჯეტიანი მოიფიქრონ, თუმცა ფაქტია, რომ მალე ამის გაკეთება მოუწევთ,“- განმარტავს დარეჯან ბერძენიშვილი.
საბოლოოდ, ეს ყველაფერი მწარმოებლის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. თუმცა იზრდება მომხმარებლიც ცნობიერებაც და უფრო და უფრო მეტი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას შეფუთულ და უსაფრთხო პროდუქციას.