ფერწერული ტილო და უძრავი ქონება - რა შეიძინა 2017 წელს და როგორია თამარ ჟვანიას ქონებრივი მდგომარეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის თამარ ჟვანიას 2018 წლის 27 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, წინა წლის შემოსავალმა აღნიშნულ თანამდებობაზე - 149 174,2 ლარი შეადგინა.

გარდა ამისა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ლექტორობისას ჟვანიამ შემოსავლის სახით, ორი თვის პერიოდში 2 062,5 ლარი მიიღო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რა ქონებას ფლობს ცესკო-ს თავმჯდომარე. მიმდინარე წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, თამარ ჟვანია ფლობს 116.10 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე 51,47 დოლარი, 16,01 ევრო, 13 478.55 ლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 8 500 დოლარი ჰქონდა.

ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნულია, წინა წელს ჟვანიამ შეიძინა ფერწერული ნამუშევარი და უძრავი ქონება, რომელთა შეძენის ხარჯმაც 2 500 დოლარი და 4 368 დოლარი შეადგინა. 

თამარ ჟვანიას ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. მისი მეუღლე ფლობს 200 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ჭოპორტში და იმავე ტერიტორიაზე 600 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი - Lexus GX.

დეკლარაციის შევსების მომენტში ჟვანიას მეუღლეს საბანკო ანგარიშზე - 1 428,42 ლარი ჰქონდა. ამასთან მისმა წლიურმა შემოსავალმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED-ში - 21 186,07 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება შვილებს, დეკლარაციის თანახმად, ჟვანიას ვაჟი ფლობს მსუბუქ ავტომობილს Mercedes E 350-ს. გოგოს რაც შეეხება, მისმა შემოსავალმა ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში შტატგარეშე თანამშრომლად მუშაობისას 4 411,9 ლარი შეადგინა. ამასთან, მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე - 808,15 ლარი ჰქონდა.