ამერიკულმა კომპანიამ Waymo-მ, რომელიც ჰოლდინგ Alphabet-ის შემადგენლობაშია, კომერციული უპილოტო ტაქსის მომსახურების შესახებ გამოაცხადა.ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ახალ სერვისს ეწოდა Waymo One.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, თავდაპირველად Waymo One-ის კლიენტებში მოიაზრება რამდენიმე ასეული ადამიანი, რომლებიც აქამდე ნებაყოფლობით იღებდნენ მონაწილეობას გზებზე ამ სერვისის ტესტირებაში. რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ კი კომპანია სულ უფრო მეტ ადამიანს შესთავაზებს მომსახურებას. ტელეკომპანია ABC-ის ინფორმაციით, უპილოტო ტაქსით მომსახურების ზონაც პირველ ეტაპზე შეზღუდული იქნება და ის მხოლოდ ქალაქ ფენიქსით შემოიფარგლება, ხოლო მოგვიანებით ამერიკის სხვა შტატებშიც გავრცელდება.
როგორც Waymo-ში აცხადებენ, თავდაპირველად მძღოლის ადგილას სპეციალურად განსწავლული თანამშრომლები დასხდებიან, ისინი კლიენტებს დაეხმარებიან და ამავდროულად, გაუთვალისწინებელი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, მართვის ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებენ.
კოკა კვირკველია