დიდი ბრიტანეთი საინვესტიციო ვიზების გაცემას აჩერებს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება 7 დეკემბრიდან ორგანიზიებულ დანაშაულთან ბრძოლის და სამეფოს ტერიტორიაზე ფულის გათეთრების აღკვეთის მიზნით საინვესტიციო ვიზების გაცემას აჩერებს.

ამის შესახებ The Times-ი წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯი იქნება „დარტყმა ოლიგარქებზე“, რომლებსაც საინვესტიციო ვიზა საშუალებას აძლევდა კუთვნილ ქონებაზე რეგისტრაცია გაევლოთ, შემდეგ კი ბრიტანეთის პასპორტი გამარტივებული გზით მიეღოთ. ბრიტანეთის ეკონომიკაში 2 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტირება მათ საშუალებას აძლევდა არა მხოლოდ ვიზა მიეღოთ, არამედ ხუთწლიანი ცხოვრების შემდეგ მუდმივი ცხოვრების უფლება მიეპოვებინათ.

„გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იქნება ღია ნამდვილი ინვესტორებისათვის, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ ჩვენს ეკონომიკას და ბიზნესის ზრდას უწყობენ ხელს. თუმცა ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ მოვითმენთ აქ ისეთ პირებს, რომლებიც თამაშის არსებული წესებით არ თამაშობენ და ბოროტად იყენებენ სისტემას“, - ამის შესახებ ქვეყნის იმიგრაციის საკითხების ხელმძღვანელმა კეროლაინ ნოუკსმა განაცხადა.

ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, სოლიდური ფულადი შენატანის გზით ქვეყნის რეზიდენტობის უფლება ბოლო 10 წელიწადში გამოიყენა 3 ათასზე მეტმა ადამიანმა, მათგან 60% რუსეთის და ჩინეთის მოქალაქეები იყვნენ. მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში კი საემიგრაციო სამსახურმა 361 საინვესტიციო ვიზა გასცა, მათ შორის, 38 რუსეთის მოქალაქეზე.

უწყება აზუსტებს, რომ უკვე მიღებულ განაცხადებს ისინი ჩვეულებრივი მეთოდით განიხილავენ, ხოლო 7 დეკემბრიდან ახლის მიღება ახალ განკარგულებამდე სრულად შეწყდება. განახლების შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ პროცედურა მეტად გამკაცრდება და მსურველებს სრული პირადი ინფორმაციის მიწოდება და დარწმუნება მოუწევს, რომ იქნება კეთილსინდისიერი ინვესტორი.

კოკა კვირკველია