გიორგი აბაშიშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპები არ დაზარალდეს

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არავის ინტერესი, მათ შორის, თავისუფალი ბაზრის პრინციპები არ დაზარალდეს.

ამის შესახებ აბაშიშვილმა ჟურნალისტებს უცხოელებისთვის მიწის მიყიდვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და საპატრიარქოს პოზიციის კომენტირებისას განუცხადა.

"ეს არის საკმაოდ კომპლექსური თემა, რომელზეც მთავრობა ძალიან ბევრს მუშაობს. ჩვენ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ერთი მხრივ, არ დაზარალდეს თავისუფალი ბაზრის პრინციპები და მეორე მხრივ, ბუნებრივია, არავინ მთელი ამ პროცესიდან არ იყოს დაზარალებული, - განაცხადა აბაშიშვილმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის მიყიდვაზე გამცხადებული მორატიორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო. ამასთან, ამ საკითხზე საპატრიარქომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადება დაავრცელა.

პატრიარქის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საქართველოში მიწის გასხვისების პროცესი კვლავ დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, უწმინდესმა კვირის ქადაგებაშიც განაცხადა.

"თავისთავად უცხოური კაპიტალისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრება მისასალმებელია, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე ქვეყნის განვითარება. მაგრამ ეს პროცესი უმართავი არ უნდა გახდეს. მან არ უნდა განაპირობოს ყველაზე დიდი მატერიალური სიმდიდრის, ჩვენი მიწა-წყლის დაკარგვა და ჩვენი მოქალაქეების მხოლოდ მოსამსახურე პერსონალად გადაქცევა. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ამ ქვეყნის მკვიდრთ, რომელთაც, პირველ რიგში, ეკუთვნით აქაური სიკეთე და დოვლათი, აღარ ჰქონდეს შიდასამეწარმეო რესურსების გამოყენების საშუალება", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, პატრიარქი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ერთი წელია სერიოზული ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობაში არსებული სიტუაციის გამოსწორებისათვის. მაგრამ ამჟამად შექმნილი ვითარება სხვა ქმედებების განხორციელებასაც საჭიროებს. მათ შორის, შეღავათიანი და გრძელვადიანი სესხების გაცემას.

პატრიარქი ასევე მიმართავს ბანკებსა და მიკროსაფინანსო დაწესებულებებს, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე, გარკვეული რეგულაციების დადგენამდე, შეაჩერონ სესხების დაფარვის მიზნით მიწის გასხვისების პროცესი ან შეღავათიანი გადახდის პირობები დააწესონ.

პატრიარქი მიმართავს ბიზნესმენებსაც, გაააქტიურონ საქმიანობა სოფლის მეურნეობის სფეროში და დააბანდონ თავიანთი კაპიტალი ახალ ტექნოლოგიებსა და გადამამუშავებელ მრეწველობაში.