თეთრი სახლი ელექტრომობილებზე სუბსიდიების მოხსნას გეგმავს

თეთრი სახლის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში ლარი კუდლოუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე და ენერგიის განახლებად წყაროებზე, სუბსიდიების მოხსნა სურს.

„ჩვენი პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ გვსურს, რომ ყველა ეს სუბსიდია მოვხსნათ. საერთოდ, ჩვენ ვწყვეტთ ყველა იმ სუბსიდიას, რომლებიც ობამას ადმინისტრაციის დროს დაწესდა. ეს ეხება როგორც ენერგიის განახლებად წყაროებს, ასევე სხვა თემებსაც“, - ამბობს კუდლოუ და კითხვაზე, თუ როდისთვის იგეგმება სუბსიდიების პროგრამების დასრულება, უპასუხა, რომ ჯერ დაზუსტებით პასუხს ვერ იძლევა, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს 2020 წლის ბოლოს, ან 2021 წელს მოხდება.

კონგრესს თითო მწარმოებელზე, საგადასახადო კრედიტების ლიმიტად 200 000 ავტომობილი აქვს დაწესებული. „ჯენერალ მოტორსი“ ვარაუდობს, რომ ამ ლიმიტს 2018 წლის ბოლოსთვის მიაღწევს. „ტესლას“ ეს ზღვარი უკვე მიღწეული აქვს. თუმცა სხვა კომპანიებს ალბათ წლები დასჭირდებათ, რათა ეს ლიმიტი აითვისონ.

მაგრამ მალე კონგრესში უმრავლესობას დემოკრატები მიიღებენ, რომლებიც სუბსიდიების მოხსნას მხარს არ დაუჭერენ. უფრო მეტიც, მათი ბევრი კონგრესმენი, სუბსიდიების პროგრამის გაფართოებასაც კი მოითხოვს.

„ტესლა“ და „ჯენერალ მოტორსი“ უკვე დიდი ხანია ითხოვენ, რომ სუბსიდიების ლიმიტი გაიზარდოს, თუმცა მათ ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ. ოქტომბერში სენატორმა დინ ჰელერმა, ახლანდელი ლიმიტის გაზრდა და ამის სანაცვლოდ, მთელი ავტო ინდუსტრიისთვის შეღავათების 2022 წელს მოხსნის წინადადება წამოაყენა. ოფრო ადრე, სხვა ორმა სენატორმა, მწარმოებლებზე ლიმიტის აწევა და ამ პროგრამის 10 წლით გაგრძელება მოითხოვა. ამავე დროს, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ ბარასო, ვინც გარემოს დაცვის და საზოგადოებრივი სამუშაოების კომიტეტს უძღვება, ელექტრომობილებზე საგადასახადო შეღავათების პროგრამის დასრულებას ემხრობა.