რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შესაძლოა, მუშაობა შეაჩეროს

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ შპს "რუსთავის ფოლადი" შესაძლოა, მუშაობა შეაჩეროს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" საწარმოს ადვოკატმა დავით ებრალიძემ განუცხადა.მისი თქმით, ქარხანაში პირველი ღუმელი სამშაბათს გაჩერდება.

"სამშაბათს პირველი ღუმელი გაჩერდება, იანვარში კი მთლიანად საწარმო. ქარხნის გაჩერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირანიდან შემოსული დემპინგური არმატურა და ზოგადად, დემპინგის პრობლემაა. ხვალ იმართება დარგობროვი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ირანული ა რმატურის იმპორტის შეზღუდვაზე იქნება საუბარი. თუ ეს პრობლემა არ მოგვარდა  და ასევე ანტიდემპინგური კანონის მიღების საკითხი არ გადაწყდა, საწარმოს გაჩერება გარდაუვალი იქნება. შედეგად რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებული 2 000 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება",-  განუცხადა "ბიზნესპრესნიუსს" ებრალიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წელს დაასრულა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა. თუმცა უნდა ჰქონდეს თუ არა ქვეყანას მსგავსი კანონმდებლობა, ამაზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. პროცესები დაიძრა მას შემდეგ, რაც ბიზნესის ნაწილმა ბაზრის დაცვის ღონისძიებების ამოქმედება მოითხოვა.  საკითხს ხვალ დარგობრივი ეკონომიკის სხდომაზე  თემაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ, ასევე განიხილავენ ირანიდან არმატურის იმპორტის შესაძლო შეზღუდვის საკითხსაც.