პარიზში 8 დეკემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციების გამო, ეიფელის კოშკი და ლუვრი ვიზიტორებისთვის დაიხურება

8 დეკემბერს პარიზში დაგეგმილი მასობრივი საპროტესტო აქციების გამო, ეიფელის კოშკი და ლუვრი ვიზიტორებისთვის დაიხურება.

„ჩვენ არ შეგვიძლია რისკზე წასვლა, როდესაც ვიცით, რომ საფრთხე არსებობს“, - განაცხადა საფრანგეთის კულტურის მინისტრმა ფრანკ რისტერმა.

აღსანიშნავია, რომ ასევე გაუქმდა ფეხბურთში საფრანგეთის ჩემპიონატის თამაში, რომელიც „პსჟ“ და „მონპელიეს“ შორის უნდა გამართულიყო.

შეგახსენებთ, რომ საწვავის ფასების ზრდამ საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. გასულ შაბათს საფრანგეთს პროტესტის მესამე ტალღამ გადაუარა, რომლის მონაწილეებმა საწვავის მოსალოდნელი გაძვირება გააპროტესტეს. ყველაზე მასშტაბური ხასიათი პროტესტმა საფრანგეთის დედაქალაქში მიიღო, სადაც აქციის მონაწილეებმა ავტომანქანები დაწვეს, მაღაზიის ვიტრინები ჩაამსხვრიეს და ტრიუმფალური თაღიც კი სერიოზულად დააზიანეს. დაკავებულია ასობით ადამიანი, ასზე მეტი კი დაშავდა. ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის შემოღებასაც გეგმავდა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება მიიღო 2019 წელს საწვავზე გადასახადების ზრდა საერთოდ გააუქმოს.