თბილისის მერიის სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების შემოწმებაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყდა.
კერძოდ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების ბალანსების შემოწმების მიზნით აუდიტორული მომსახურების შესყიდვის მიზნით, მერიამ ოთხი ტენდერი სექტემბერში გამოაცხადა. ოთხივე ტენდერში წინადადებების მიღება 29 სექტემბერს იწყება და 2 ოქტომბერს სრულდება.
როგორც ორ ტენდერშია აღნიშნული, საუბარია, 19-19 ობიექტზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 22 312 და 17 923 ლარია. მე-3 ტენდერის თანახმად, დაგეგმილია 24 ობიექტის შემოწმება. აღნიშნული მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22 036 ლარია. კიდევ ერთი, მე-4 ტენდერის თანახმად კი 14 ობიექტის ბალანსების შემოწმების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 33 187 ლარია.
ტენდერის შეწყვეტის მიზეზად კი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება დასახელდა. ამასთან, როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ტენდერების გასაჩივრების გამო, მომსახურების გაწევის ვადაც მნიშვნელოვნად შემცირდა.
„გამომდინარე აქედან მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სსიპ-ების და ა(ა)იპ-ების 2017-2018 წლების ბალანსების შემოწმების მიზნით ტენდერი დაზუსტებული ტექნიკური დავალების შესაბამისად და ერთიანად 2019 წლის ბიუჯეტის ასიგნებიდან გამოცხადდეს,“-აღნიშნულია ტენდერების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში.