ტრანსპორტით ულიმიტო სარგებლობის ბარათები თბილისში - მოქალაქის იდეა მერს

თბილისის მერიის ვებგვერდზე ქალაქის განვითარების შესახებ მოქალაქეთა იდეების მიღება გრძელდება.

ამ ეტაპზე ვებგვერდზე 296 მიმდინარე, 236 დაბლოკილი, 465 არშემდგარი იდეა ფიქსირდება. 13 იდეა განხილვის პროცესშია, ორი უკვე შეთანხმებული, 1 კი უარყოფილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე განცხადებებიდან ერთ-ერთს გთავაზობთ, რომელიც დედაქალაქში ულიმიტო სარგებლობის ბარათების ე.წ. თბილისი card-ის შექმნას გულისხმობს.

საუბარია, ერთდღიან, ორდღიან, სამდღიან და ერთკვირიან ბარათებზე, რომლებიც მოიცავს ულიმიტო სარგებლობას საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან big bus-ით.

„პარალელურად უნდა შეიქმნას ტურები, რომლებიც კონკრეტული ადამიანის ინტერესების შესაბამისად დაიგეგმება. მაგალითად, თუ ადამიანი მომლოცველია, ეკლესია-მონასტრები შეურჩიოს, არქიტექტურის მოტრფიალეს განსხვავებული არქიტექტურის მქონე შენობები დაუგეგმოს. ტურისტული კომპანიებიც ამავე სქემაში უნდა იყოს ჩართული.

იდეის განსახორციელებლად საჭიროა: ყველა ღირსშესანიშნაობის აღწერა და კლასიფიცირება, სისტემაში მოყვანა; ერთდღიანი, ორდღიანი, სამდღიანი და ერთკვირიანი ტურების დაგეგმვა; დათვლა, რა შეიძლება ღირდეს ბარათები, რათა სტუმარსაც უღირდეს გადახდა და არც ქალაქი დარჩეს წაგებული; მარკეტინგული კომპანიის დაგეგმვა,“-აღნიშნულია მოქალაქის განცხადებაში.