"ორი სარეზერვო ფონდი არსად არ არსებობს და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს"

პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის საკითხზე ახალარჩეულ პრეზიდენტთან და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან კონსულტაციები გაიმართება.ფინანსთა მინისტრის მოდგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, პოლიტიკური კონსულტაციები 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე გაიმართება და ფინანსური დოკუმენტი პრეზიდენტთან შეთანხმებული სახით იქნება მიღებული.

„პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვების პროცესში გამოითქვა მოსაზრება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით. თუ საერთაშორისო პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ორი ფონდი არ არსებობს. არის ერთი ფონდი და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. ფონდის განკარგვის კუთხით შეიძლება პრეზიდენტს გარკვეული უფლებამოსილებები ჰქონდეს. ბიუჯეტის დამტკიცებამდე, გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები და საბოლოო ვარიანტი პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან შეთანხმდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი კაკაურიძემ.

კონსულტაციების საჭიროებას ხედავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯმდომარე ირაკლი კოვზანაძეც. მისი აზრით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეკვეცილი დაფინანსება სრულად პასუხობს და შეესაბამება მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს. ამასთან, კოვზანაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიუჯეტის პროექტის საბოლოო დამტკიცებამდე ჯერ კიდევ არის დრო, რომლის გამოყენებაც კონსულტაციებისთვის უნდა მოხდეს.

როგორც ცნობილია, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 9 800 000 ლარიდან 6 000 000 ლარამდე მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება.