ოპეკის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვებას ამცირებენ

ოპეკის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, ნავთობის მოპოვება 2,8 %-ით შეამცირონ, ხოლო ვინც კარტელში არ შედის, - 2 %-ით.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ერაყის ნავთობის მინისტრმა თამერ ალ-ღადბანმა განუცხადა.

კერძოდ, მისი თქმით, საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას დღე-ღამეში 250 ათასი ბარელით შეამცირებს, რუსეთი - 230 ათასით.

ოპეკის კონფერენციის თავმჯდომარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკის მინისტრის სუჰეილ ალ-მაზრუის განცხადებით, ოპეკი გეგმავს დაასრულოს 2019 წლის პირველი კვარტლის კოოპერაციის შესახებ დეკლარაციის პროექტი და შედგეს მასზე ხელმოწერის ცერემონია.

ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრის კანატ ბოზუმბაევის განცხადებით კი, ოპეკი+ შეთანხმება ნავთობის 1.2 მილიონი ბარელით შემცირების შესახებ, რომელიც იმოქმედებს 2019 წლის პირველ ნახევარში, შესაძლოა გაგრძელდეს, თუკი ამ პერიოდის განმავლობაში ბაზარი არ დასტაბილურდება.