აუდიტის სამსახურის შეფასებით, თბილისის მერიამ უნდა შეისწავლოს „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფუძნებისა და ლიკვიდაციის მიზანშეწონილობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, თბილისის მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს 2015 წელს შექმნილი ა(ა)იპ „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ დაფუძნებისა და ლიკვიდაციის მიზანშეწონილობა.

ამასთან, როგორც აუდიტის სამსახურის რეკომენდაციაშია ნათქვამი, მუნიციპალიტეტმა არ უნდა დაუშვას მომავალში მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, რაც შესაბამისობაში არ იქნება მუნიციპალიტეტის გრძელვადიან სტრატეგიასთან და სამოქმედო გეგმასთან.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2015 წლის 4 მარტის განკარგულებით დაფუძნდა ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში მეწარმეობის განვითარებისა და ეფექტიანობის ხელშეწყობა, ხოლო ამოცანებს: მეწარმეთა გადამზადება და მათი სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება; ქ. თბილისში მოქმედი ან/და ასამოქმედებელი საწარმოების საექსპორტო (მათ შორის შემომყვანი ტურიზმის დარგში) პოტენციალის და რეალიზაციის მოცულობის გაზრდა; საწარმოთა მომსახურება მათი პოტენციალის ზრდის უზრუნველსაყოფად და ა.შ.

ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ მოქმედების პერიოდში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა 1 590.3 ათასი ლარით, მათ შორის ადმინისტრაციული ხარჯებმა 1 181.9 ათასი ლარი შეადგინა. წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ ცენტრის მიერ მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით 2015 წელს გახარჯულია 408.4 ათასი ლარი, რაც მთლიანი თანხის 26%-ს შეადგენს. მეწარმეობის ხელშეწყობის ფარგლებში ცენტრის მიერ დაფინანსებულია 2 დარგი, კერძოდ, „შემომყვანი ტურიზმი“ – 307.7 ათასი ლარი გახარჯულია რუსეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უკრაინის ტურ-ოპერატორების მიღებაზე (თანხები ძირითადად გახარჯულია სასტუმრო და სარესტორნო მომსახურებაზე) და „სახალხო რეწვა“ – 100.7 ათასი ლარი გახარჯულია გამოფენების მოწყობაზე და სხვა ღონისძიებებზე.

ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ ლიკვიდირებული იქნა დაფუძნებიდან 17 თვეში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ა(ა)იპ-ის შექმნისას არ იყო შემუშავებული, გრძელვადიან პერიოდზე გათვლილი, შედეგზე ორიენტირებული სამოქმედო გეგმა“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

უწყების ინფორმაციით, „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრზე“ გამოყოფილი თანხების მნიშვნელოვანი წილი გაიხარჯა ადმინისტრაციულ ხარჯებზე, მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ხარჯებზე და ა.შ.

„2015-2016 წლებში გახარჯული 1.590.3 ათასი ლარი შესაძლებელია ჩაითვალოს, როგორც არაეფექტიანი ხარჯი“, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.