გიორგი კვირიკაშვილი: არავინ გვავალდებულებს, სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციაში ულტრალიბერალურები ვიყოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია დაემთხვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უცხოელებისთვის მიწების შესყიდვაზე მორატორიუმის მოხსნის შესახებ.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის კატეგორიულად უკმაყოფილოა იმ გადაწყვეტილებით, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, მიუხედევად ამ ინსტუტისადმი მისი პატივისცემისა.

"მორატორიუმის შემდეგ ჩვენ შევქმენით ყველანაირი საკანონმდებლო საფუძველი იმისათვის, რომ საკუთრების უფლება არ შეგვეზღუდა კვალიფიციური, კორპორატიული ინვესტორებისთვის, ასევე კომერციული საბანკო სისტემისთვის. ამიტომ, მორატორიუმის პრობლემატურობა ჩემი აზრით, დღის წესრიგში აღარ იდგა. ახლა რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს მიერ პრივატიზაციის განახლებას - გუშინ, ჩემი მითითებით, ახალი საპრივატიზაციო ლოტების გამოტანა სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილში შევაჩერე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აუცილებლად მოვძებნით ახალ მექანიზმებს, რათა საუკეთესო ევროპული და მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, შევქმნათ ის კონტროლის მექანიზმები, რომელიც არ დაგვაყენებს სერიოზული სოციალური პრობლემის წინაშე. მორატორიუმი სწორედაც გამოწვეული იყო იმით, რომ ძალიან სერიოზული, სოციალური პრობლემის წინაშე ვიდექით და შეიძლებოდა მოვლენები განვითარებულიყო არაპროგნოზირებადი სცენარით", -განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრი ფიქრობს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს გარკვეული რეგულაციებით და შეზღუდვებით.