ვალის ამოღების ფსიქოლოგიური მეთოდები

”დამუქრების შემთხვევაში მოვალეს შეუძლია, კომპანიის წარმომადგენელს უჩივლოს”

 

”ბანკიდან მირეკავენ!..” ”პრობლემური განყოფილების ნომერია!..”, ”ბანკის ვალის გამო შევცვალე ნომერი!” - ეს ფრაზები ლამის ყოველდღე გვესმის. პრობლემების მიუხედავად, მსესხებელთა რაოდენობა მატულობს. ზოგჯერ, ერთსა და იმავე ბანკში, პრობლემურ კლიენტებს კიდევ უმტკიცებენ სესხებს, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს...

ბოლო დროს ბანკთან ურთიერთობა ურჩ გადამხდელთა ნაწილისთვის კომედიად იქცა, ბევრისთვის კი, ტრაგედიად. პრობლემური განყოფილებებისა და იმ იურიდიული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც ვადაგადაცილებულ მსესხებელთა საქმეები გადაეცემათ, მუდმივად უკავშირდებიან ურჩ გადამხდელებს. ამ სტრესს ზოგი უძლებს, ზოგიც ვერა...

შევეცადეთ გაგვერკვია, რამდენად მიზანშეწონილია სესხის ამოღების გავრცელებული მეთოდები; სად გადის ზღვარი კანონიერებსა და უკანონობას შორის, ასევე, როგორ რეგულირდება ურთიერთობა ბანკსა და ურჩ გადამხდელს შორის განვითარებულ ქვეყნებში და რატომ არის იქ ბანკთან ურთიერთობა მოქალაქისთვის ბევრად კომფორტული, ვიდრე საქართველოში...

რა ეტაპებს გადის პრობლემური მოვალე, სანამ საქმე იურიდიულ ფირმას გადაეცემა, ამის შესახებ ჩვენი ანონიმური რესპონდენტი საუბრობს:

”ხშირად მოვალეებს ავიწყდებათ, რომ სესხს გადახდა უნდა და ამის ბანკიდან შეხსენება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. თუ მაინც არ გადაიხადეს, უკვე მოვითხოვთ. ეს მოთხოვნა არ უნდა გადაიზარდოს მუქარაში, შეურაცხყოფაში, დამამცირებელ საუბარში, თუმცა შევახსენებთ, რომ არსებობს სასამართლო... ამანაც თუ არ გაჭრა, საქმე კერძო კომპანიების გადაეცემათ, რომლებიც თავიანთ თავზე იღებენ სესხების ამოღებას. მოქალაქეები ხშირად უჩივიან მათ ქმედებებს, რომ ისინი ამცირებენ, შეურაცხყოფას აყენებენ. კანონით, არ შეიძლება ღირსების შელახვა, მუქარაც აკრძალულია და დამცირებაც. თუმცა ეს ზოგადი ნორმებია და კონკრეტული პასუხისმგებლობის დაკისრება ამის გამო რთულად მისაღწევია”.

სვეტლანა გიორგობიანი, დაზარალებული: ”ბინა, სადაც ვაჟთან და მის ცოლ-შვილთან ერთად ვცხოვრობდი, ორჯერ ყოფილა იპოთეკით დატვირთული. ჩემი შვილისთვის ბავშვობის მეგობრის ცოლს უთხოვია, საქმისთვის მჭირდება და უარს ნუ მეტყვიო, მანაც ხათრი ვერ გაუტეხა. ეს ამბავი მხოლოდ მაშინ გავიგე, როცა მესამედ ჩადო ბინა იპოთეკაში. ჩემი შვილი მუდმივად განერვიულებული იყო, სულ ვიღაცები ურეკავდნენ, ხან პასუხობდა, ხან არა, რაც დედის თვალს არ გამოპარვია. არაერთხელ ვთხოვე, მითხარი, რა დაგემართა-მეთქი, - ბოლოს მითხრა, -დედა, ქუჩაში ვრჩებითო... გაირკვა, რომ ის ქალი, მისი მეგობრის მეუღლე, საქართველოდან წასულა. ჩვენ გადახდის საშუალება არ გვქონდა. ჩემმა შვილმა სტრესს ვერ გაუძლო და 2011 წლის 1-ელ მარტს თავი მოიკლა. მალე ბინიდანაც გაგვასახლეს...”

დავითი, 37 წლის, თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი: ”2008 წლის ომის დროს, 8 აგვისტოს, ცხინვალის მისადგომებთან, ნაძვნარში ვიყავით განლაგებული, როდესაც ერთ-ერთი ბანკიდან დამირეკეს - პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა დაგეკისრებათო... ომის დროს დავიჭერი და ღუდუშაურის კლინიკაში აღმოვჩნდი. ბანკიდან მუდმივად მირეკავდნენ, რომ სოლიდური თანხის გადახდა მომიწევდა... გავიგე, რომ ჩემს დღეში ბევრი ჯარისკაცი იყო”.

ნინო, 34 წლის: ”ჩემმა მეუღლემ ბანკიდან სესხი გამოიტანა, რომ ავტომანქანა გვეყიდა და ”ეტაქსავა”. ქირით ვცხოვრობთ, რასაც კომუნალური გადასახადებიც ემატება და რამდენიმე თვის შემდეგ პროცენტის გადახდა ვერ შევძელით. საბოლოო ვადის ამოწურვამდე დაგვირეკეს და გაგვაფრთხილეს, ჯარიმა დაგეკისრებათო. მეუღლემ ახლობლებისგან ისესხა თანხა პროცენტების გადასახდელად, შემდეგ კი იმავე ბანკში მეორე სესხი აიღო, რათა ის ვალები დაეფარა და პირველი სესხის ნახევარი მაინც დაეფარა... იმავდროულად, განვადებებით რამდენიმე აუცილებელი ნივთი გამოვიტანეთ - ღამე შინ რომ მემუშავა, კომპიუტერი მჭირდებოდა და განვადება გავაკეთე. გასავალი საერთო შემოსავალზე ბევრად მეტი იყო და სესხის პროცენტი ისევე გადაუხდელი დაგვრჩა. მალე ისევ დაგვიგროვდა ვალები და ახლა სხვა ბანკში ავიღეთ სესხი. ამჟამად დავალიანება 4 ათას ლარამდეა... რამდენიმე თავდები გვყავს და უკვე მათაც უკავშირდებიან. ახლახან ერთ-ერთთან შინ მისულან და უთქვამთ, თუ ბანკის დავალიანებას მათ არ გადაახდევინებთ, თქვენ ჩამოგართმევთ ქონებასო. ისინი კი ჩვენ გვირეკავენ, გვეუბნებიან, რომ ”შავ სიაში” მოვხვდებით, არადა, უკვე ვართ. არაერთხელ დარეკეს ჩემს სამსახურშიც, რაც ძალიან მძიმედ მოქმედებს ჩემზე. ვალების გასასტუმრებლად ვმუშაობთ, მაგრამ პროცენტები უკვე იმდენზეა ასული, არ ვიცი, მისი დაფარვა ამ ცხოვრებაში მოესწრება თუ არა...”

საქართველოში ვალების ამოღებაზე რამდენიმე კომპანია მუშაობს: შპს ”საიმედო აუქციონი”, შპს ”კაპტო რეალთი”, ”ტრიბა”, ”აქტივების მართვის ჯგუფი”, ”IM ჯგუფი”. მათი იურიდიული სამსახურებიდან ურჩ გადამხდელ კლიენტებს უკავშირდებიან და დავალიანების გადახდის მკაცრი და საბოლოო გრაფიკის შედგენაზე მუშაობენ.

კერძო კომპანიების გარდა, პრობლემური სესხების ამოღებაზე მუშაობენ თავად კომერციულ ბანკებში შექმნილი სტრუქტურებიც.

”შავი სია" მოქალაქეებმა დაარქვეს ”კრედიტინფო საქართველოს” ბაზებს, რომელიც მათ საკრედიტო ისტორიებს ასახავს. მსგავსი ორგანიზაციები ევროპაშიც არსებობს, ეს მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ მათ საქმიანობას იქ სპეციფიკური კანონები არეგულირებს. ასეთი დაწესებულებები ბიზნესურთიერთობებში რისკების გათვლის შესაძლებლობას იძლევა და საკრედიტო ისტორიების არსებობაც მოსახერხებელია, მაგრამ ეს მოქალაქეთა უფლებებს არ უნდა არღვევდეს.

საქართველოში საკრედიტო ინფორმაციის მიღება ყველას შეუძლია, ვინც ”კრედიტინფო საქართველოსთან” მემორანდუმს გააფორმებს. არადა, მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი ფიზიკური პირის შესახებ ინფორმაცია ერთმა ორგანიზაციამ მეორეს რომ გადასცეს, ამისთვის ამ ადამიანის თანხმობაა აუცილებელი.

გიორგი კეპულაძე, ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი:

” ბევრი პრობლემა დაგროვდა 2008 წლის ომის შემდეგ, უამრავმა ადამიანმა ერთდროულად დაკარგა ბიზნესი და სამსახური, რამაც სესხები პრობლემური გახადა. ბანკი ყველანაირად ცდილობს თანხის დაბრუნებას და ამაში გასაკვირი არაფერია. რადგან ზოგჯერ მოვალეები იმალებიან, თავს არიდებენ ან რაღაც ხრიკებით ცდილობენ ბანკის წინაშე პასუხისმგებლობისგან გაქცევას. მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამას ვერ შეძლებენ, რადგან ბანკთან ურთიერთობა ხელშეკრულებით აქვთ გაფორმებული. როცა რომელიმე მხარე ხელშეკრულებას არღვევს, ეს უნდა აღიკვეთოს. რამდენიმე მომხმარებელმა შემოგვჩივლა, რომ მათ პირდაპირ ემუქრებოდნენ. ხშირად ამ გზას პრობლემური სესხის მმართველი კომპანიები მიმართავენ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, რბილად რომ ვთქვათ, იდეალურად არ მუშაობენ. დამუქრების შემთხვევაში მოვალეს შეუძლია, კომპანიის წარმომადგენელს უჩივლოს”.

ლია ელიავა, საბანკო ურთიერთობათა ექსპერტი: ”ბევრი კომერციული ბანკი პრობლემურ სესხებს კოლექტორულ სააგენტოებს გადასცემს. საქართველოში რამდენიმე კოლექტორული სააგენტო მოქმედებს, რომლებიც ათამდე ბანკს ემსახურება. ეს საქმიანობა კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ არც კანონით რეგულირდება. ამიტომ მასზე ზედამხედველობასაც არავინ ახორციელებს. კომერციული ბანკები კოლექტორულ სააგენტოებს გადასცემენ უფლებას, მსესხებლისგან ამოიღონ თანხა და რა სახით მოხდება ეს - მორიგებით თუ სასამართლოს მეშვეობით, არ არის დაკონკრეტებული... საქართველოში ისეთი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომ კოლექტორული სააგენტოების თანამშრომლები, ვისაც ბანკის მოვალეებთან აქვს კონტაქტი, ტრადიციულად, ყოფილი სამართალდამცველები არიან. ბევრი მოვალე ამბობს, რომ ისინი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ მათზე, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია. თუმცა მოვალეები თავს არიდებენ ასეთი ფაქტების გამხელას, რადგან ბანკის წინაშე დამნაშავე არიან ვალის გადაუხდელობის გამო.

უცხოეთშიც არსებობს კოლექტორული სააგენტოები, მაგრამ მათ საქმიანობას სახელმწიფო ორგანიზაციები აკონტროლებენ. არსებობს სპეციალური ნორმატიული დოკუმენტები, რომლებიც ასეთი სააგენტოების საქმიანობასა და მოვალეებთან ურთიერთობის წესებს განსაზღვრავენ. მაგალითად, აგენტს უფლება არ აქვს, იმოქმედოს დილის 9 საათამდე და საღამოს 10 საათის შემდეგ. უფლება არ აქვს, მოვალეს მიაკითხოს სამსახურში ან შინ, მხოლოდ ტელეფონით უკავშირდება და მისი თანხმობის შემთხვევაში ხვდება. ასევე არ აქვს მუქარის უფლება. ეს ყველაფერი კანონის ჩარჩოებშია მოქცეული”.

 

ლალი პაპასკირი