„სესხების განულების“ სპეციალური საიტი დღეს  გაეშვება

სესხების განულებაზე სპეციალური საიტის პირველადი ვერსია 10 დეკემებერს, 18 საათზე გაეშვება, - ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, საიტზე პირველად აიტვირთება საქართველოს ბანკიდან, თიბისისა და ლიბერთი ბანკიდან მიღებული სიები.

მამუკა ბახტაძის თქმით, საიტს ეტაპობრივად დაემატება სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მოწოდებული სიებიც.

„ჭარბვალიანობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ გვაქვს გადასადგმელი ძალიან პრინციპული ნაბიჯები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ ნაბიჯი გაცხადებული იყო რამდენიმე კვირის უკან, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, საუბარია 600 ათას მოქალაქეზე, ისინი შეძლებენ 2019 წელს შეხვდნენ ვალების გარეშე და არ იყვნენ დარეგისტრირებული ე.წ. შავ სიაში.

ჩვენი ოპონენტებისგან გვქონდა მცდელობა, რომ ამ ინიციატივისთვის მიეყენებინა ჩრდილი, მაგრამ ეს არ გამოუვიდათ. მე განვაცხადე, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად მოხდებოდა ჩვენი მოქალაქეების ამოღება ამ ე.წ. შავი სიიდან. დღეს საღამოს 6 საათზე გაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი უკვე შეძლებს, რომ დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ რამდენიმე მსხვლ ორგანიზაციაზე. დღეს და ხვალ აიტვირთება ბაზები, სადაც წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის მომხმარებლები. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორი.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მუშაობა მიმდინარეობს 24-საათიიან რეჟიმში. ალბათ, წარმოგიდგენიათ რა მასშტაბის ინფორმაციასთან გვაქვს საქმე და ფონდი „ქართუ“ ძალიან აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. შესაბამისად, ყოველდღე ჩვენ დავამატებთ ბაზებს შესაბამის ინფორმაციას. ფინანსურ ინსტიტურებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი გრძელდება“,- აცხადებს ბახტაძე.

როგორც ცნობილია, ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლოსთვის დასრულდება.