გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებსაც სიცოცხლისთვის საშიში საქმიანობა უწევთ, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით უზრუნველყოფენ

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობა უწევთ, უწყება სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით უზრუნველყოფს,- ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

დავითაშვილის თქმით, აღნიშნული თანამშრომლების სოციალური მდგომარეობა ძალოვანი სტრუქტურების სხვა თანამშრომლების მდგომარეობას გაუტოლდება.

„გარემოს შესახებ კანონში შევიტანეთ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებსაც სიცოცხლისთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობა უწევთ, ძირითადად, ეს არის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების საქმიანობა, რომელიც უკავშირდება კანონის აღსრულებას, ბრაკონიერებთან ბრძოლას, შეიარაღებულ პირებთან დაპირისპირებას, მათი სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. მათთვის იქნება სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი. ამაზე ჩვენ დავხარჯავთ ნახევარ მილიონ ლარს წლის განმავლობაში და ასევე თანამშრომლებს სპეციალური მივლინებების პერიოდში აუნაზღაურდებათ ქირის თანხა. თუ იქნება სამწუხარო შემთხვევა, გარდაცვალება, ან ისეთი ფიზიკური მდგომარეობის მიღება, როდესაც არ შეეძლებათ საქმიანობის გაგრძელება, ისევე, როგორც სხვა ძალოვან სტრუქტურებშია, იქნება ერთჯერადი ანაზღაურების საშუალება“, - განაცხადა დავითაშვილმა.