მოქალაქეების ამოღება „შავი სიიდან“ 15 დეკემბრიდან დაიწყება და ამ პროცესს საფრთხეს ვერაფერი შეუქმნის,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ვებგვერდზე, პირველ რიგში, ის მონაცემთა ბაზები აიტვირთა, რომელიც უფრო მოწესრიგებული იყო.
„ალბათ არ გაგიკვირდათ, რომ ჯერ ბანკების და მერე ონლაინ გამსესხებლების მონაცემები აიტვირთა, რადგანაც აქ ბაზებიც დიდი იყო და უფრო მოწესრიგებულიც. მინდა გითხრათ, რომ ამჟამადაც მიმდინარეობს მონაცემების მოწესრიგება. ჩამოწერის პროცედურა 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე გაგრძელდება, ამ პროცესს საფრთხეს ვერაფერი შეუქმნის,” - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.