საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გუშინ სატელევიზიო მიმართვისას ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში უკიდურესი ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა და ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად საჭიროა უფრო სწრაფი და ძლიერი ნაბიჯების გადადგმა, გადასახადების სწრაფად შემცირება, ხარჯების სწორი მართვა და არამხოლოდ მათი შემცირება.
„მე ველოდები, რომ ხელისუფლება განაგრძობს ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმირებას, რომელსაც 18 თვის წინ ჩვენმა მოსახლეობამ მისცა ხმა. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ღრმა რეფორმა, რომელიც მოიცავს ღირსეულ პენსიებს და კომპენსაციებს უმუშევრებისთვის. ჩვენ გვჭირდება უფრო სამართლიანი, უბრალო და გასაგები წესები. ამასთან, ყველამ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალი და ამავდროულად უნდა შევიცვალოთ იმის გათვალისწინებით, თუ რა ვადიანობისაა ჩვენი ვალდებულებები და ჩვენი ბიუჯეტი“, - განაცხადა მაკრონმა.
ემანუელ მაკრონმა საკუთარ მოსახლეობას 2019 წელს მინიმალური ხელფასის 1000 ევრომდე გაზრდას შეჰპირდა. ამასთან, განაცხადა, რომ არ დაიბეგრება ზეგანაკვეთური საათები. გარდა ამისა, მისი თქმით, ყველა დასაქმებული ფრანგი წლის ბოლოს მიიღებს ასევე დაუბეგრავ პრემიას, ხოლო ისინი ვინც თვეში 2 ათას ევროზე ნაკლებს გამოიმუშავებს, შეუმცირდება საპენსიო ბეგარა, რომელიც წელს ამოქმედდა. „პენსიონერები ჩვენი ქვეყნის ღირებულ ნაწილს წარმოადგენენ“, - განაცხადა მან.
მისივე განცხადებით, ასევე უახლოეს მომავალში ის შეხვდება ქალაქების მერებს, რათა საზოგადოებრივი შეთანხმებისთვის ფუნდამენტი მოამზადონ. „ამიერიდან ჩვენ საქმეებს ისე არ ვაწარმოებთ, თითქოს არაფერი მომხდარა“, - დასძინა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, მას სურს, მშრომელი საფრანგეთი შექმნას.
„მსურს ისეთი საფრანგეთი შევქმნა, სადაც არის ღირსება, სამუშაო ადგილები და ადგილი, სადაც ჩვენი შვილები უკეთესად იცხოვრებენ“ - განაცხადა მაკრონმა. მისივე თქმით, ამის მისაღწევად საჭიროა საშუალო და უმაღლეს განათლებას მეტი ყურადღება დაეთმოს.
„ახლა ჩვენი ქვეყანა ისტორიულ პერიოდს გადის. ჩვენი ერთადერთი ბრძოლა - ესაა ბრძოლა საფრანგეთისთვის“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე პირობა დადო, რომ მსხვილი მწარმოებლები ქვეყნის განვითარებაში ჩაერთვებიან.
„მსხვილი კორპორაციები და ქვეყნის მოსახლეობის მდიდარი ნაწილი ერს წარმატების მიღწევაში უნდა დაეხმაროს. მე მათ შევკრიბავ და ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მივიღებ“, - განაცხადა მან.
გარდა ამისა, მან ღიად განაცხადა, რომ სიმდიდრის გადასახადის დაბრუნებას, რომელსაც აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ არ აპირებს.
„მდიდრების უმეტესობა ჩვენი ქვეყნიდან მიდის, ამით კი ქვეყანა სუსტდება. უკეთესია ამ ხალხმა ინვესტირება ჩვენს ეკონომიკაში მოახდინონ და მეტი სამუშაო ადგილი შექმნან,“ - განმარტა მან.
შეგახსენებთ, საფრანგეთში ბოლო ოთხი კვირაა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. თავდაპირველად მოსახლეობა საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ 2019 წელს საწვავის გადასახადის ზრდის გეგმა შეაჩერა, პროტესტი მაინც არ შეწყდა.
გასულ უქმეებზე საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტის“ მოძრაობის 136 000 დემონსტრანტი გამოვიდა. პოლიციამ 1200-ზე მეტი პირი დააკავა. არეულობის შედეგად პარიზი მნიშვნელოვნად დაზიანდა. აქტივისტებმა დაწვეს მანქანები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები და დააზიანეს მაღაზიები.
კოკა კვირკველია