პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთის განვითარების პროგრამის ფარგლებში 110 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის პრეზენტაციისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, მთის საკითხებზე მუდმივად მუშაობს მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რომელმაც მთაში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 66 მილიონი ლარი უკვე გამოყო.
„მთა თავისი უნიკალურობითა და იქ მცხოვრები პატრიოტების წყალობით უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, განვითარებისა და წინსვლის გზაზე, სწორედ ამიტომ, საქართველოს მთვრობამ მთა პრიორიტეტად გამოაცხადა და ჩვენ მივიღეთ მთის კანონი, რომლითაც საშუალება მოგვეცა, თქვენთვის პირველი რიგის ამოცანები გადაგვეჭრა. ძირითადად, ეს არის ფულადი დახმარება, რომელიც ბევრ სეგმენტს მოიცავს. ოჯახებისთვის ახალდაბადებულ ბავშვებზე დაახლოებით 19 მილიონი ლარი გაიცა, საპენსიო დანამატებისთვის გამოიყო 61 მილიონი ლარი, სოციალური დანამატის სახით წარმოდგენილი იყო თითქმის 8 მილიონი ლარი, სამედიცინო პერსონალისთვის დანამატის სახით გამოიყო 9 მილიონი ლარი, ხოლო მასწავლებლებსა და მწვრთნელებზე დანამატის სახით გაიცა დაახლოებით 20 მილიონი ლარი.
ამ დანიშნულებით დღემდე დახარჯულია 110 მილიონ ლარზე მეტი, ამასთან ერთად, უკვე დაახლოებით, 315 საწარმო სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით. მთის საკითხებზე მუდმივად მუშაობს მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი, რომელმაც უკვე გამოყო 66 მილიონი ლარი მთაში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1 730 დასახლებას, ხოლო მას შემდეგ, რაც მთის განვითარების სტრატეგიის განხორციელება დაიწყო, 300 000-ზე მეტი მთის მცხოვრებისთვის რეალობა შეიცვალა.
„გარდა ამისა, მთის სტაბილური და შეუქცევადი განვითარებისთვის საჭირო გახდა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისურვებდით, რომ ასეთი სტრატეგია საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ჰქონოდა. ეს საშუალებას მოგვცემდა, რომ ჩვენ ბევრი პრობლემა, რომელიც მთის წინაშე დგას გაცილებით ადრე გადაგველახა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტრატეგია, საშუალებას მოგვცემს, ძალიან მოკლე ვადაში ყველა ძირეული პრობლემა აღმოვფხვრათ.
დღეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 1 730 დასახლებას, ამ სტრატეგიის განხორციელების შემდეგ 300 000-ზე მეტი მთის მცხოვრებისთვის რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ეს არის ჩვენი მოსახლეობის თითქმის 10%“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.