„პრობლემა ძირითადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან მოდიოდა“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე სესხების განულებაზე

„თიბისი ბანკის“ შემთხვევაში 120 მილიონი ლარის გასანულებელ სესხებზეა საუბარი“, - ამის შესახებ თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გასანულებელი ვალები „თიბისი ბანკის“ მთლიანი პორტფელის 1%-ს შეადგენს.

„ჩვენი პორტფელი არის 9 მილიარდ ლარზე მეტი. გასანულებელი სესხების მოცულობა კი 120 მილიონ ლარს შეადგენს. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის ჩვენი მთავარი ბიზნესი და ეს თანხა ჩვენი მთლიანი აქტივების 1%-ია.“-განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მისივე განმარტებით, პრობლემური სესხები წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა, რომელიც ძირითადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერაა გამოწვეული.

„ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული ძველი სესხები. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ პრობლემა ძირითადად მოდიოდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან. მათი სექტორის არარეგულირების გამო. თუმცა ვფიქრობ, რომ სექტორში დაგეგმილი რეგულაციები და 50%-იანი ჭერის დაწესება მსგავს პრობლემებს აღმოფხვრის“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ სესხების განულების ვებგვერდი vali.ge, სადაც მოქალაქეებს ჩამოწერილი ვალების ნახვა შეუძლიათ, გუშინ ამოქმედდა.

როგორც ცნობილია, ვადაგადაცილებული სესხების ჩამოწერის პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მთავრობის დაპირების მიხედვით, ვალების განულება 600,000 მოქალაქეს ეხება, მათ 2000 ლარამდე მოცულობის ერთ წელზე მეტად ვადაგადაცილებული ვალები ჩამოეწერებათ. ვალებს "ქართუ ფონდი" ჩამოაწერს, რომლის ინფორმაციითაც, პროგრამის საფასური დაახლოებით 100 მილიონი ლარია.

ქრისტინე გამთენაძე