თბილისი საერთაშორისო საავიაციო ფორუმს მასპინძლობს

6-8 ივლისს თბილისი მსხვილ საერთაშორისო საავიაციო ფორუმს უმასპინძლებს.

საავიაციო ბაზარზე არსებულ მდგომარეობასა და საერთაშორისო ფორუმის თემაზე, ”პალიტრა ტვ”-ს გადაცემა ”საქმეში” საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ ისაუბრა.

ალექსიძის განცხადებით, საქართველოსთვის მსგავსი ფორუმის მასპინძლობა ძალიან დიდი პატივია. უმსხვილესი ავიაფორუმი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. ”ძალიან ბევრი ქვეყანა და ქალაქი იბრძოდა წელს ამ ღონისძიების ჩატარებისთვის. საბედნიეროდ, ჩვენ გავიმარჯვეთ, შერჩევის პრინციპით”,-აღნიშნა ალექსიძემ.

როგორც ქეთევან ალექსიძე ამბობს, ფორუმი 2 ნაწილისგან შედგება: პირველი სადისკუსიო ნაწილი იქნება, მეორე ნაწილი კი - პირისპირ შეხვედრებს დაეთმობა. მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია უკვე 400-ზე მეტი პირისპირ შეხვედრა. შეხვედრის ფორმატი კი ასეთია -ავიაკომპანიების წარმომადგენლებს აეროპორტის წარმომადგენლები შეხვდებიან და 20 წუთის განმავლობაში ეცდებიან დაარწმუნონ, რომ მათ აეროპორტებში განახორციელონ ფრენა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ინფორმაციით, 300 დელეგატს შორის არიან ისეთი ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზე ჯერ არ არიან წარმოდგენილნი. მათ შორისაა ისეთი ავიაკომპანიები, როგორიცაა EasyJet, AirArabia, AirAsia, Air China და სხვები. სულ თბილისში 50-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 60-ზე მეტი აეროპორტის წარმომადგენელი ჩამოვა. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, ქვეყნების მმართველი პირებისაგან ტურიზმის ხელშეწყობა და თანამედროვე საავიაციო განვითარების წინაშე მდგომი გამოწვევები.

გადაცემაში ქეთევან ალექსიძემ ქართულ აეროპორტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ივლისის ბოლოს მესტიის აეროპორტი მუშაობას განაახლებს... ფრენები სვანეთის მიმართულებით უახლოეს პერიოდში აღდგება.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ გადაცემა: ”საქმე”