ლუქს კლასის ავტომობილების მწარმოებელი „დაიმლერი“, რომელსაც „მერსედეს-ბენცი“ ეკუთვნის, 2030 წლამდე 20 მილიარდ ევროზე მეტის ღირებულების ელემენტების შესყიდვას გეგმავს.
ეს ნიშნავს, რომ გერმანული გიგანტი მცირე ხანში ელექტრომობილების მასობრივ წარმოებას დაიწყებს.
„20 მილიარდი ევროს ელემენტების შეძენა არის ელექტრომობილების მწარმოებლად ჩვენი გარდაქმნის უტყუარი ნიშანი“, - ამბობს „დაიმლერის“ მთავარი აღმასრულებელი დიტერ ცეტშე.
„მერსედს-ბენცი“ 2022 წლამდე ბაზარზე 130 ელექტრული და ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. მათ გარდა, კომპანია მყიდველს ელექტრულ ვენებს, ავტობუსებს და სატვირთო ავტომობილებსაც შესთავაზებს.
გერმანული კომპანიის შეფს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი კომანიებისგან აპირებს ასეთი რაოდენობით ელემენტების შესყიდვას. ამჟამად „დაიმლერი“ მის მფლობელობაში არსებულ კომპანია „დოიჩე აკუმოტივის“ ელემენტებს იყენებს. გარდა ამისა, ელემენტებს სხვა კომპანიებისგანაც ყიდულობს. მათ შორისაა სამხრეთ კორეული „LG ქემი“.