"საქართველოს რკინიგზა" - ბილეთების ფასის ზრდაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

სამგზავრო ბილეთების ფასის ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაშია ნათქვამი.

"საქართველოს რკინიგზის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წლის 1 ივნისის ბრძანებულებით, თბილისი-მახინჯაურის მიმართულებით მოძრავ ელექტრო-მატარებლებზე, დადგინდა სამგზავრო ბილეთის ტარიფები; კერძოდ, პირველი კლასის ბილეთის ფასი განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო მეორე კლასის ბილეთის ფასი - 23 ლარით. 2013 წლის 23 აპრილს დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ამოქმედდა 10-თვიანი ფასდაკლება, რომელიც მოიცავს 16 სექტემბრიდან-10 ივლისამდე პერიოდს.

ფასდაკლების მიხედვით, პირველი კლასის ბილეთის ფასი 45 ლარის ნაცვლად გახლავთ 25 ლარი, მეორე კლასის ბილეთის ფასი 23 ლარის ნაცვლად 18 ლარი. ფასდაკლების ტარიფი 16 სექტემბრიდან კვლავ შევა ძალაში.

"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ "საქართველოს რკინიგზამ" 10 თვის განმავლობაში გააიაფა სამგზავრო ბილეთის საფასური და მხოლოდ ორი თვის განმავლობაში დატოვა ის ტარიფი, რომელიც 2010 წლიდან თითქმის სამი წლის განმავლობაში უცვლელად მოქმედებდა. აღნიშნული ფასდაკლება ეხება მხოლოდ თბილისი-მახინჯაური-თბილისის სამგზავრო მატარებლებს. სხვა დანარჩენ მიმართულებებზე, სამგზავრო ტარიფი უცვლელი რჩება", - ნათქვამია განცხადებაში.