აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან - დონეცკიდან და ლუგანსკიდან სეზონურ სამუშაოებზე მოქალაქეები აფხაზეთში მიდიან და წელს ამან განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო.ამის შესახებ რუსულ „კომსომოლსკაია პრავდას" ჟურნალისტი დმიტრი ტიხომიროვი წერს, ვინც თავადაც სეზონური მუშის სტატუსით ჩავიდა აფხაზეთში და იქ ნანახის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, აფხაზეთში დონეცკელებისა და ლუგანსკელების რაოდენობის მატება ციტრუსების კრეფის სეზონს უკავშირდება.
„მოსკოვში მთელ შავ სამუშაოს სამხრეთელები ასრულებენ, აფხაზეთში პირიქითაა. მანდარინის პლანტაციებში მუშაობის დროს არც ერთი აფხაზი არ შემხვედრია, ძირითადად მუშაობენ დონეცკიდან, ლუგანსკიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან მასობრივად წამოსული ადამიანები, ასევე - ადგილობრივი რუსები, რომლებსაც, აფხაზებისგან განსხვავებით, მიწების იჯარით აღების საშუალება არ აქვთ. აქ პოლიტიკაზე არავინ ლაპარაკობს", - წერს სტატიაში „კომსომოლსკაია პრავდას" კორესპონდენტი.
იგი მანდარინის შეგროვებისა და ჩაბარების სისტემასაც აღწერს – რომ არის გაუსაძლისი პირობები, დამქირავებელს მუშები პლანტაციებში დილის 6 საათზე მიჰყავს. თითო ყუთ დაკრეფილ მანდარინში მუშას 50 რუბლს (2 ლარი) უხდიან. ერთი სეზონური მუშა დღეში საშუალოდ 4-5 ყუთის დაკრეფას ახერხებს, თუმცა, აქედან აღებული ფული, ძირითადად, ბინაში ეხარჯებათ. მაგალითად, ოთახის დაქირავება აფხაზეთში დღეში კაცზე საშუალოდ 200 რუბლი (8 ლარი) ჯდება.
რუსი ჟურნალისტის ცნობით, სეზონური მუშების უმრავლესობისათვის ეს პირობები მისაღებია - ურჩევნიათ, მხოლოდ საჭმლისა და დასაძინებელი ადგილის სანაცვლოდაც იმუშაონ შედარებით თბილ კლიმატურ პირობებში, ვიდრე ცივი ზამთარი რუსეთში ან უკრაინაში გაატარონ.
როგორც „რეზონანსთან" აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრი ლევან კიკნაძე ამბობს, მანდარინის ეს ბაღები, სადაც დღეს რუსეთის ქალაქებიდან ჩასული ადამიანები მუშაობენ, ქართველებს ეკუთვნოდათ და ახლა აფხაზები არიან დაპატრონებული.
„ეს ახალი ამბავი არ არის და არც „კომსომოლსკაია პრავდას" ჟურნალისტს აღმოუჩენია. წლებია, ეს ტენდენცია შეიმჩნევა - აფხაზები ციტრუსებს სეზონზე რუსებს აკრეფინებენ. ციტრუსების კრეფის დროს სამუშაოდ ჩადიან ლუგანსკიდან, დონეცკიდან, ასევე - რუსეთის სხვა ქალაქებიდან – როსტოვიდან, კრასნოდარიდან და ა. შ.
„მანდარინის ეს ბაღები ადრე ქართველების საკუთრება იყო. ძალიან ბევრი მანდარინის პლანტაცია ჰქონდათ ქართველებს სოხუმში, გაგრაში, გუდაუთაში, გულრიფშში და სხვაგან, ახლა კი აფხაზები დაეპატრონენ და რუსეთიდან თუ უკრაინიდან ჩასულ მუშახელს აკრეფინებენ მიზერულ თანხად, ხშირ შემთხვევაში კი ნატურით უხდიან", - განაცხადა ლევან კიკნაძემ.
ია აგულაშვილი
გაზეთი „რეზონანსი"