4 მლნ დოლარი წელიწადში - რა ანაზღაურებას იღებს „თიბისი ბანკის“ გენდირექტორი

საქართველოში კომერციული ბანკების რეკორდულ მოგებაზე წლებია საუბრები არ წყდება.

ბოლო მონაცემებით, 2018 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 103,4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 177,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ბანკების შემოსავლებმა 379,176 მილიონი ლარი შეადგინა.

ბანკების მოგებისა და შემოსავლების ფონზე, საინტერესოა, როგორია მათი ტოპ-მენეჯერების ანაზღაურება. ამ ეტაპზე, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის ანაზღაურების შესახებ.

როგორც „თიბისი ბანკის“ 2017 წლის „ბლუმბერგის“ ანგარიშშია აღნიშნული, გასულ წელს, მისმა შემოსავალმა 4 084 000 დოლარი შეადგინა. აქედან, 1 027 000 დოლარი ხელფასის, ხოლო 3 მლნ დოლარზე მეტი ბონუსის სახით აქვს მიღებული.

ცნობისთვის, ბუცხრიკიძემ „თიბისი ბანკში“ საქმიანობა 1993 წელს, კრედიტების მართვის დეპარტამენტის უფროს მენეჯერად დაიწყო. 1996 წელს ის გახდა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 1998 წლიდან კი ბანკის გენერალური დირექტორის თანამდებობა უჭირავს და „თიბისის“ რამდენიმე კომიტეტს ხელმძღვანელობს.