ლიბიის ექსპორტის შემცირებამ ნავთობი გააძვირა

ოთხშაბათს დღის პირველ ნახევარში ნავთობის ფასი გაძვირდა, რასაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. OPEC-ის გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც გლობალურ ბაზარზე მიწოდების შეკვეცას ითვალისწინებს, ლიბიიდან მიწოდბა შეფერხდა.

გარდა ამისა, შემცირდა ამერიკის მარაგები. ეს ორი მიზეზი კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნავთობის ფასი გაზრდილიყო.

ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის შესაბამისად, შეერთებულ შტატებში წინა კვირაში ნავთობის მარაგები 10.2 მილიონი ბარელით შემცირდა, რაც ანალიტიკოსთა პროგნოზზე მეტი აღმოჩნდა.

თუმცა ფასის ზრდის მთავარი ფაქტორი მაინც ლიბიიდან ექსპორტის შეფერხებაა. ქვეყნის უდიდესი საბადოდან ნავთობის ექსპორტი დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, იქ სახელმწიფო დაცვის სამსახური შევიდა.

„როიტერსის“ ინფორმაციით, ბრენტ მარკის ბარელი ნავთობის ფასი 1.07 დოლარით, 61.27 დოლარამდე გაიზარდა. 99 ცენტით, 52.64 დოლარამდე გაძვირდა ბარელი დასავლეთ ტექსასური საშუალოს (WTI) ფასი. ამის მიუხედავად, ორივე ძირითადი მარკის ნავთობი, ოქტომბრის შემდეგ, დაახლოებით მესამედით არის შემცირებული.

შეგახსენებთ, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) და მისი არაწევრი ექსპორტიორების გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან მსოფლიო ბაზარზე დღიური მიწოდება 1.2 მილიონი ბარელით შეიკვეცება, რამაც მოთხოვნის სიჭარბე უნდა დააბალანსოს. ამას კი ნავთობის ფასის ზრდა უნდა მოჰყვეს.

მაგრამ პარალელურად, მსოფლიო ეკონომიკას ზრდის შეფერხება ელის, რასაც ნავთობზე მოთხოვნის შემცირება შეუძლია. ამან კი შესაძლოა, ნავთობის მიწოდების შეკვეცის ეფექტი გააბათილოს. პარალელურად, წარმოებას ზრდის შეერთებული შტატები, რომელიც შესაძლოა, წლის ბოლოს მსოფლიოს უდიდესი ნავთობმომპოვებლის სტატუსს დაეუფლოს.