ჩინეთმა უკვე მისცა თანხმობა აშშ-ს, რომ მის ქვეყანაში იმპორტირებულ ამერიკულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფებს 40%-დან 15%-მდე დაწევს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს.
გამოცემის მონაცემებით, ჩინეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-პრემიერმა ლუ ხემ გადაწყვეტილების შესახებ ამერიკის ადმინისტრაციას სატელეფონო საუბრისას აცნობა, რომელიც ამერიკის ფინანსთა მინისტრთან სტივენ მნუჩინთან გაიმართა. გამოცემის წყაროები არ აზუსტებენ, თუ როდის შევა გადაწყვეტილება ძალაში.
მანამდე სააგენტო Bloomberg-ი იუწყებოდა, რომ ჩინეთის ხელისუფლება გეგმავს შეამციროს ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფები. სააგენტოს ცნობით, აღნიშნული წინადადება განსახილველად იყო შეტანილი ჩინეთის სახელმწიფო სათათბიროში.
როგორც ცნობილია, ჩინეთმა ამერიკიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადი 40%-მდე ივლისში დააწესა, რომელიც იყო თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ნაბიჯის საპასუხო ზომა. ამ დროისთვის ჩინეთიდან ამერიკაში იმპორტირებულ ავტომობილებზე 25%-იანი საბაჟო ტარიფი მოქმედებს.
ცნობისათვის, ჩინეთმა 2017 წელს 51 მილიარდი დოლარის ავტომობილების იმპორტი განახორციელა. მათ შორის აშშ-დან 13,5 მილიარდი დოლარის. გასული წლის განმავლობაში აშშ-დან ჩინეთში 280,208 ავტომობილი შევიდა, რაც საერთო იმპორტირებული ავტომობილების 10%-ია. აღნიშნულ ციფრში შედის ამერიკაში მოქმედი სხვა არაამერიკული კომპანიების მიერ წარმოებული ავტომობილებიც.
კოკა კვირკველია