დავით ნარმანია : მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის 100 მილიონი დაიხარჯება

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ დღეს "კავკასიის ავტოსერვისში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, თბილისის ეკონომიკური პოტენციალის უმოკლეს ვადებში მაქსიმალურად გასაზრდელად დაიწყება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 100 მლნ ლარი დაიხარჯება, თითოეულ რაიონში კი 10-10 მლნ. ლარი.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, კომპანია "კავკასიის ავტოსერვისი" არის ერთ-ერთი ნათელი დემონსტრირება იმისა, თუ რა დიდი პერსპექტივა აქვს თბილისს, გახდეს რეგიონის ცენტრი როგორც კონკრეტული მიმართულებით, ისე საერთოდ.

"თქვენი წარმატებული ბიზნესის მაგალითზე დავრწმუნდით, რომ თბილისის წარმატება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის წარმატების განმსაზღვრელია. ამიტომაც ჩვენი მთავარი მიზანი, რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად თბილისის ქცევაა, რომლის შედეგადაც მოხდება ინვესტიციების მოზიდვა, გაჯანსაღდება ეკონომიკა, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ეს ყველაფერი კი შექმნის თბილისის სოლიდარულ ქალაქად ქცევის პირობებს და გააჯანსაღებს მას", - განაცხადა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა.