"2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 13 მილიარდ ლარს პირველად აჭარბებს"

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 13 მილიარდ ლარს პირველად აჭარბებს,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

მისი განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განახლებულ ვერსიაში, დამატებით იზრდება 92.4 მლნ ლარით, მათ შორის, 40 მლნ ლარამდე იზრდება ინფრასტრუქტურის ნაწილში.

„მიმდინარე წელს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის - „ადამიანური კაპიტალის ინდექსით“, კიდევ ერთხელ გამოვლინდა ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და მიღწევები. ჩვენს პრიორიტეტებში აქცენტი, ძირითადად, ჯანდაცვისა და განათლების კომპონენტებზე კეთდება, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საზოგადოებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის პარალელურად. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა 5-წლიანი სამოქმედო გეგმის მომზადებაზე, რომლის შესრულებამ მნიშვნელოვნად უნდა გაგვიუმჯობესოს პოზიციები აღნიშნულ ინდექსში, რაც ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების შედეგი იქნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.