ქართველი ევროპელს ეკონომიკურად 9,5-ჯერ ჩამორჩება

"საქართველოში 1 სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა დაახლოებით 9,5-ჯერ ჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს და თითქმის სამჯერ - მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს"

მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მაჩვენებელს ხშირად იშველიებენ, როგორც ცხოვრების დონის ერთ-ერთ ინდიკატორს. "საქსტატის" ცნობით, წლევანდელ პირველ კვარტალში მშპ-ის მაჩვენებელმა 6,3186 მლრდ ლარი შეადგინა, რაც შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით 7,1%-ით მეტია. მაგრამ რას ნიშნავს ეს ზრდა ჩვენისთანა ეკონომიკის ქვეყნისთვის?

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "თუ პირველ კვარტალში გამოხატული ზრდა მეორეშიც გაგრძელდა, წლის ბოლოს საკმაოდ კარგი შედეგი გვექნება. პირველი კვარტალის მაღალი მაჩვენებელი, ვფიქრობ, 2013 წლის ბოლოს სახელმწიფო ხარჯების ერთბაშად ზრდას უკავშირდება. მართალია, ამან იმოქმედა ლარის კურსსა და ინფლაციაზე, მაგრამ მშპ-ის მაჩვენებელიც გაზარდა. ამას გარდა, 2013 წელს პირველ კვარტალში აქტივობაც დაბალი იყო და ამიტომ მასთან შედარებით ზრდა უფრო მკვეთრი გამოჩნდა.

განვითარებადი ქვეყნებისთვის 7%-იანი ზრდა ნორმალური მაჩვენებელია, თუმცა საქართველოს პირობებში დადებითი დინამიკა მყიფეა და ნებისმიერმა პროცესმა, ან გაუაზრებელმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა, უცებ შეცვალოს. ამიტომ არის საჭირო რეფორმები და სისტემური მუშაობა, აქტიური საინვესტიციო პოლიტიკა, რომ ზრდის მაღალი მაჩვენებელი უფრო მდგრადი გახდეს.

-მშპ-ის ყველაზე დიდი წილი ვაჭრობისა და მრეწველობის წილად მოდის. რამდენად ხელსაყრელია ასეთი დარგობრივი გადანაწილება და რომელი სექტორის გააქტიურება უფრო წაგვადგებოდა?

-მშპ-ის სტრუქტურაში 20-მდე სექტორიდან მხოლოდ ერთ, სამთომოპოვებით ინდუსტრიაში აღირიცხება კლება. დანარჩენი სექტორები მზარდია. ყველაზე მაღალი ზრდა - 17%-მდე გადამმუშავებელ მრეწველობაშია, რაც ძალიან კარგია, რადგან ამ სექტორის ზრდა იძლევა ადგილობრივი წარმოების გაძლიერების, საექსპორტო პოტენციალის ზრდის, დასაქმებისა და დამატებითი ღირებულების შექმნის საშუალებას. მე ამ ზრდას რუსეთის ბაზრის გახსნას ვუკავშირებ, რადგან ბევრმა მეწარმემ სწორედ ამის ხარჯზე შეძლო ან გაფართოება, ან გაჩერებული წარმოების ამუშავება. გამოცოცხლებაა მშენებლობებისა და უძრავი ქონების ოპერაციების მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ ამ სექტორმა შეძლო რამდენიმეწლიანი კრიზისის დაძლევა. გააქტიურდნენ ინვესტორებიც. ეს ეტყობა რამდენიმე ქალაქს, სადაც კერძო მშენებლობები მიმდინარეობს.

ვაჭრობის მაჩვენებელი ტრადიციულად გაზრდილია, თუმცა ამ სექტორში პრობლემები ალბათ იქნება, თუნდაც ავტომობილებით ვაჭრობის შემცირებისა და საცალო ვაჭრობის ქსელებში ჯერ კიდევ პრობლემური ვითარების გავლენით. შედარებით მაღალია ზრდა ტრანსპორტის, საფინანსო სერვისებისა და სასტუმროების, სარესტორნო სეგმენტებში.

- მშპ-ში დიდი წილი უჭირავს სახელმწიფო მმართველობას. ეს ნორმალურია?

-სახელმწიფო მმართველობის წილი ბოლო წლებში ტრადიციულად მაღალია, რაც მიუთითებს მის ჯერ კიდევ მაღალ როლზე და კერძო ბიზნესის არასაკმარის აქტიურობაზე. სასურველია, სხვა სექტორები იმატებდეს და სახელმწიფოს წილი მცირდებოდეს. დღეს ვაჭრობის, გადამმუშავებელი მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, აგრეთვე სოფლის მეურნეობის შემდეგ, სახელმწიფო მმართველობის წილი მშპ-ში მეხუთეა.

-რის შესახებ მეტყველებს ჩვენი მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით?

- საქართველოში 1 სულ მოსახლეზე მშპ-ის მოცულობა 3,6 ათასი აშშ დოლარია, რაც დაახლოებით 9,5-ჯერ ჩამორჩება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს და თითქმის სამჯერ - მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს. რაც შეეხება ჩვენს რეგიონს და ყოფილ საბჭოთა სივრცეს, თურქეთში 1 სულზე მაჩვენებელი 11 ათასი აშშ დოლარია, ბალტიისპირეთში საშუალოდ 16 ათასი, რუსეთში- 15 ათასი, ყაზახეთში - 13 ათასი, აზერბაიჯანში - 8 ათასი, თურქმენეთში - 7,8 ათასი, ბელორუსში - 7,5 ათასი, უკრაინაში კი 3,8 ათასი აშშ დოლარი. ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩვენზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ სომხეთს (3,4 ათასი), მოლდოვას (2,2 ათასი), უზბეკეთს (1,9 ათასი), ყირგიზეთსა (1,3 ათასი) და ტაჯიკეთს (1 ათასი აშშ დოლარი). ევროკავშირის წევრ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში - ბულგარეთის მშპ-ის მაჩვენებელი 1 სულზე 7,3 ათასი აშშ დოლარია.

ემა ტუხიაშვილი

***********************************************

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივი განაწილება (2014 წლის I კვარტალი) :

ვაჭრობა - 17,2%

მრეწველობა -17,1%

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა -11,2%

სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა -9,4%

სახელმწიფო მმართველობა - 8,9%

ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - 6,1%

დანარჩენი დარგები -30,0%